საკარანტინოდ გამოყოფილ სასტუმროებში საცხოვრებელი პირობები ძირითადად კარგი იყო, ერთეულ შემთხვევებში გამოითქვა უკმაყოფილება-ნინო ლომჯარია

10 ივლისი 2020, 12:43 1404 ნახვა

სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2020 წლის მარტი-მაისის პერიოდში, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა საკარანტინო სივრცეების მონიტორინგი განახორციელა. დეტალურად გამოიკითხა საკარანტინე სივრცედ გამოყოფილ 41 სასტუმროში მყოფი 112 რესპონდენტი.

გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებდა, რომ საკარანტინე ღონისძიებების განხორციელების პერიოდში, სამართალდამცავი პირები, სამედიცინო და სასტუმროს მომსახურე პერსონალი მათ ეთიკურად ეპყრობოდნენ და მხოლოდ ერთეული ინციდენტები დაფიქსირდა.

ცალკეულ შემთხვევებში რესპოდენტები მიუთითებდნენ აეროპორტებში და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, ხანგრძლივი დროით დაყოვნებაზე, ასევე აღნიშნავდნენ აეროპორტებში დაყოვნებისას და ხანგრძლივი მგზავრობის დროს საკვებით და წყლით უზრუნველყოფის ხარვეზებზე. 

"მონიტორინგმა აჩვენა, რომ სასტუმროებში საცხოვრებელი პირობები ძირითადად კარგი იყო და მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში გამოითქვა უკმაყოფილება. საკარანტინე სივრცეებში მყოფი პირების მიერ დროის გაყვანის ძირითადი საშუალება ტელევიზორი და ინტერნეტი იყო. რესპონდენტების უმეტესობა მოთავსებული იყო განმარტოებით, არ ჰქონდათ შეთავაზებული დღის განმავლობაში რაიმე სახის აქტივობები, არ ჰქონდათ ოთახის დატოვების შესაძლებლობა, რესპონდენტების დაახლოებით ნახევარს არ ჰქონდა აივანი. ასეთი მდგომარეობა, პანდემიასთან დაკავშირებულ ზოგად შფოთვასთან ერთად, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულ პირებში იწვევს სტრესს და ამდენად, უკიდურესად მნიშვნელოვანია, მათთვის ხელმისაწვდომი იყოს შესაბამისი ფსიქოლოგიური დახმარება"-აცხადებს სახალხო დამცველი.

კვლევაში საუბარია ბავშვთა უფლებებზეც.

"მონიტორინგის მიმდინარეობისას სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა ბავშვის უფლებების თვალსაზრისით ცალკეული საყურადღებო შემთხვევები გამოავლინა. განსაკუთრებით საყურადღებოა ქცევითი დარღვევების, ასევე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა საკითხი, რადგან შესაძლოა მათთვის უფრო რთული აღმოჩნდეს უცხო და დახურულ სივრცეში ყოფნა, რაც გამოწვევაა მათი მშობლებისთვისაც. ზემოაღნიშნულ შემთხვევებში, გაუგებარი მიზეზების გამო არ იქნა გამოყენებული თვითიზოლაცია, რომელიც ამ ბავშვების მდგომარეობას გააუმჯობესებდა. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ორგანოები განსაკუთრებული გულისხმიერებით მოეკიდონ ამ პირთა თვითიზოლაციაში გადაყვანის მოთხოვნას"-წერია კვლევაში.

მონიტორინგის შედეგად დგინდება, რომ საკარანტინე სივრცეში მყოფ პირებს წერილობით ან ზეპირად იშვიათად მიეწოდებოდათ ინფორმაცია მათი საკარანტინე სივრცეში გადაყვანის საფუძველზე, მათ უფლებებზე, მოვალეობებზე და გასაჩივრების მექანიზმზე.

სახალხო დამცველის ანგარიში იხილეთ ვრცლად.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი