სპორტსმენი, რომელიც აჭარის მთავრობას და პოლიციას საარჩევნო მოსყიდვაში ადანაშაულებს, აცხადებს, რომ ახლა მას სასამართლოს მეშვეობით ემუქრებიან.
დღეს ქუთაისში სააპელაციო სასამართლოსთან პროცესის დაწყების წინ ფირუზ წულუკიძემ არ გამორიცხა, რომ მას პატიმრობა მიუსაჯონ.
სპორტსმენი ამბობს, რომ მისი დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. ზონდერ ბრიგადების არსებობისა და პოლიციაში გამართული კონსპირაციული შეხვედრის შესახებ ღიად ისაუბრა, სადაც თანამშრომლობა შესთავაზეს და უარი მიიღეს.
სპორტსმენი ფირუზ წულუკიძე პროკურატურაში გამოკითხვაზეც დაიბარეს.
წულუკიძე მის საგამოძიებო ორგანოში დაბარებას სკანდალურ განცხადებას უკავშირებს, რომლის მიხედვითაც, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა, დავით რიჟვაძე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსთან, კოტე ანანიაშვილთან ერთად, საიდუმლოდ ხვდებოდა და წინასაარჩევნოდ დახმარებას სთხოვდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
წულუკიძე და ანთაძე რამდენიმე თვის წინ, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებითაც დააკავეს და ბრალიც წაუყენეს. ისინი პირობით იყვნენ გათავისუფლებულები.