საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე ჯარიმები იზრდება

14 ნოემბერი 2025, 17:48 253 ნახვა

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შეიმუშავა და პარლამენტს უკვე წარუდგინა. ცვლილებების მიხედვით  მკაცრდება სანქციები.

100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის და ამავდროულად, ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით.

50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის, 50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 10-ით,  50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის, ასევე  დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე იზრდება ჯარიმის ოდენობა ქუთაისის, ბათუმის, მცხეთის, რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში და საქართველოს კურორტებზე.

დამატებით პასუხისმგებლობა დგინდება „BUS LANE“-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერების გამო სატრანსპორტო საშუალება 100 ლარით დაჯარიმდება. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე