ევროკავშირის მიერ 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში საქართველოს შეყვანის შემდეგ, მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, საზღვრების გახსნის თაობაზე, ინდივიდუალურად, ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს. მომდევნო ეტაპია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებები, რომლის დროსაც საქართველოს მთავრობა დეტალურად მუშაობს ყველა იმ პროცედურაზე, რომელთა გავლა მოქალაქეებს მოგზაურობის შემთხვევაში ორმხრივად მოეთხოვებათ და შესაბამის გადაწყვეტილებებს ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით მიიღებს. ავიაკომპანია „ვიზ ეარი“ ქართულ ბაზარს არ ტოვებს. კომპანიის განცხადებით, აქტიურად აკვირდებიან გლობალურ და ლოკალურ ეპიდსიტუაციას, ითვალისწინებენ საქართველოს მთავრობის რეგულაციებს და განაგრძობენ ქვეყანაში ოპერირებას. „ვიზ ეარი“ მზადაა აღადგინოს ფრენები და დაამატოს ახალი მიმართულებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, როგორც კი გლობალური ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდება და მოგზაურობაზე მოთხოვნა ადრინდელ ნიშნულს დაუბრუნდება. კომპანია არ აპირებს დასაქმებულების გათავისუფლებას, მათ შეუნარჩუნდებათ ანაზღაურება და დროებით სხვა ბაზებსა და მიმართულებებზე დაასაქმებენ.