აჭარასა და თბილისში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 10 პირი დააკავეს

24 ივნისი 2020, 14:00 3098 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისსა და აჭარაში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით 6 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს.

ბრალი წარედგინა საზღვარგარეთ მყოფ 2 ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს - ჯეირან კინწურაშვილს, მეტსახელად „ხონსკის“ და თამაზ ქარცივაძეს - მეტსახელად „კუსას“.  მათი ძებნილად გამოცხადების მიზნით, ტარდება შესაბამისი პროცედურები.

უწყების ინფორმაციით, ქურდული გარჩევები ერთ-ერთი ბრალდებულის ბინაში ეწყობოდა. 

''გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში, ბრალდებულების ნაწილი - „ქურდული სამყაროს“ წევრები, ვალის დაბრუნების მიზნით წარმოქმნილ დავაში, მხარეების მიმართვის საფუძველზე ჩაერთნენ. აღნიშნული დავის გადაწყვეტის მიზნით, ისინი დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებს ჯეირან კინწურაშვილს, მეტსახელად „ჯეირანას“ და თამაზ ქარცივაძეს, მეტსახელად „კუსას“, რომელთა მხარდაჭერით, ბრალდებული ი.ა.-ს საცხოვრებელ ბინაში „ქურდული გარჩევა“ მოაწყეს და ერთ-ერთ მოდავე მხარეს 8 800 ევროს გადახდა დააკისრეს'' - წერია განცხადებაში. 

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი