შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში 3 ნარკორეალიზატორი დააკავა.
სამართალდამცველებმა უკრაინის სამი მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ჩართული იყვნენ ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში. ბრალდებულები თბილისში, წინასწარ სპეციალურად შერჩეულ სამალავებში ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს და აღნიშნული სამალავების მისამართებს დისტანციურად ატყობინებდნენ პირს, რომელიც შემდეგ ამ ნარკოტიკების რეალიზაციას ახდენდა.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განსათავსებლად გამზადებული, "ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება "სუბუტექსის" 45 აბი და სხვა ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.
ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას, მათი მითითებით ამოღებულია ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული, "ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება "სუბუტექსის" 25 აბი.
ბრალდებულების დროებითი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას კი პოლიციამ "ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება "სუბუტექსის" 688 მთლიანი აბი და 21 ნატეხი ნივთმტკიცებად ამოიღო.
ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.