ბათუმში, პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. 6 წლის გოგო სასწრაფო დახმარების ბრიგადას შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი დახვდა. არასრულწლოვანი პროზექტურაში გადაასვენეს.
გოგო მამასთან და ძმასთან ერთად იმყოფებოდა. ისინი ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდნენ.
''ბავშვებთან ერთად გადავდიოდით. მანქანა მოდიოდა, მე გავჩერდი გზის გამყოფ ხაზზე, ყურადღება მივაქციე უფროსს შვილს და ამ დროს მარია უკვე გამიფრინდა ხელიდან'' - იხსენებს გარდაცვლილი ბავშვის მამა.
მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები ამბობენ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ავარიები ხშირად ხდება, ამიტომ გადასასვლელი ხიდის გაკეთებას ითხოვენ.
ყვებიან, რომ ესტაკადის მშენებლობამდე აქ ქვეითთა გადასასვლელი იყო, თუმცა შემდეგ გაუქმდა და შესაბამისად მონიშვნებიც წაშლილია.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.