ხიხანის ქუჩაზე მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. 16 ოჯახი აცხადებს, რომ მათ საკუთრებაში კერძო კომპანიამ ელექტროგადამცემი ბოძები დადგა, კომპენსაციის სახით კი დაბალი თანხა შესთავაზა. მაუწყებელთან ყვებიან, რომ მათ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართეს და ჩაატარეს ექსპერტიზა და ამჯერად სახელმწიფოსგან ახალი დასკვნის შესაბამის ანაზღაურებას ითხოვენ.
იგივე მოთხოვნით მათ სასამართლოსაც მიმართეს, თუმცა ამბობენ, რომ საქმე გაჭიანურდა, რადგან გადაწყვეტილებას თითქმის ორი წელია ელოდებიან.
ეკონომიკის სამინისტროდან მოქალაქეების მოთხოვნას წერილობით უპასუხეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხაზის არეალში მოქცეული თითოეული მონაკვეთისათვის საკომპენსაციო განაკვეთები დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ განისაზღვრა .ანძები სულიკო გვიანიძის 2 ნაკვეთსა და როსტომ თავდგირიძის ერთ ნაკვეთზე მოხვდა. სულიკო გვიანიძესთან წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, ანძის მიერ დაკავებული ტერიტორიის გარდა სრულად არის გამოსყიდული მთლიანი რეგისტრირებული ტერიტორია. ამ პიროვნებაზე აღარაა გასაცემი არანაირი საკომპენსაციო თანხა და საკითხი დახურულად ითვლება. რაც შეეხება როსტომ თავდგირიძეს მასთან უშედეგოდ წარმოებული მოლაპარაკებების შემდგომ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ანძის საყრდენ ტერიტორიაზე გამოყენებულიყო ,,ექსპროპრიაციის უფლება".