საქართველოს პრემიერ მინისტრმა დღეს დეველოპერებისთვის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. გიორგი გახარიამ თქვა, რომ პანდემიამდე ეს სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი იყო, ამიტომ მშენებლებს შუა გზაზე ვერ მიატოვებენ. ასევე დაეხმარებიან მოქალაქეებს, რომლებმაც საცხოვრებლის გაუმჯობესება მოინდომეს, კრიზისმა კი ხელი შეუშალათ.
პრემიერ მინისტრის განმარტებით, მშენებლობის და დეველოპმენტის გადაცემის ეფექტი არის დიდი, მასზე დამოკიდებულია ასევე ავეჯის და სამშენებლო მასალები წარმოება, სარემონტო სამუშაოები და ასევე ტექნიკით ვაჭრობა და აღჭურვა.
''პირველი ანტიკრიზისული გეგმა გახლდათ მიმართული ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად და ეს აბსოლუტურად ლოგიკური იყო, მეორე გეგმა იყო სოფლის მეურნეობის მიმართულებით და ეს იყო ზრუნვა ფერმერზე, გლეხზე, მესამე იყო განათლება და დღეს ჩვენ ვსაუბრობთ მეოთხე ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომელიც ეხება მშენებლობას და დეველოპმენტს. რამდენჯერმე გაისმა კითხვა რატომ მშენებლობა. იმიტომ, რომ დეველოპმენტი კრიზისამდე შეადგენდა ჩვენი შიდა პროდუქტის 9%-ს. იყო ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი. ამ სფეროში პირდაპირ 120 000 ადამიანი იყო დასაქმებული, ირიბად კიდევ ერთი ამდენი.
შენება უნდა გაგრძელდეს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშენებლობა არ შეფერხდეს. საბოლოო ჯამში შენება არ უნდა შეჩერდეს არცერთი წუთით. რასაც ჩვენ ვცდილობდით და ვაკეთებთ. პარალელურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიის მიუხედავად არცერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაჩერებულა.
ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იმ კომპანიების წინაშე, რომლებმაც გამოიარეს 2008 წლის უმძიმესი კრიზისი. იმ მოქალაქეების წინაშე, რომლებმაც გამოიარეს 2008 წლის კრიზისი და დღემდე ებრძვიან რეალობას, რომ მიიღონ ის რაც ეკუთვნით.
აქ კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ავღნიშნო ერთი ციფრი. ბოლო ორი წლის განმავლობაში, 2019-2020 წელს 25 000 იპოთეკური სესხი და კონტაქტია დადებული მშენებარე პროექტებში, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის. მთავრობა ამ ხალხს და სამშენებლო კომპანიებს შუა გზაზე და ბედის ანაბარად ვერ მივატოვებთ. ამიტომ მეოთხე ანტიკრიზისული გეგმა ეკუთვნის მშენებლობას და დეველოპმენტს. ამიტომ ვდგამთ ამ ნაბიჯს, რომ დავეხმაროთ მოქალაქეებს რომლებმაც განიზრახეს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, ან უკვე კონტრაქტული ვალდებულებები აქვთ. ამისთვის ჩვენ მივმართეთ ჩვენი ძალისხმევა სამშენებლო სექტორისკენ'' - განაცხადა პრემიერმა.