საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს, 29 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 0,5%-ით შემცირების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.50 პროცენტს შეადგენს.
შესაბამისად კრედიტები, რომლებიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული, მათი საპროცენტო განაკვეთი დაიწევს.
ეკონომიკის ექსპერტი ნიკა შენგელია ამბობს, რომ საპროცენტო განაკვეთის დაწევის მოლოდინი მათ ბევრად უფრო ადრე, დაახლოებით 2 თვის წინ ჰქონდათ. მისივე თქმით, იმისათვის რომ კლება რეალური შედეგის მომტანი ყოფილიყო რეფინანსების განაკვეთი1%-მდე მაინც უნდა შემცირებულიყო.
"ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ საპროცენტო განაკვეთი უნდა დაწეულიყო, მოლოდინი იყო, რომ 1 %-ით მაინც დაიწევდა, ეს ფაქტიურად სესხებს მცირედით გაუიაფებს ბიზნესსა და იპოთეკარებს. მაგრამ იმ პირობებში, როცა ქვეყანაში რეალური ეკონომიკის სექტორის,წარმოების რენტაბელობა 8-10%-ია, 8,5%-იანი სესხები დიდი ვერაფერი შედეგის მომტანია, იმისათვის, რომ რეალური ეკონომიკის წახალისება და ფულის ჩადინება მოხდეს ეკონომიკის სექტორში. რაც შეეხება ინფლაციას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შემსყიდველუნარიანობა ისედაც დაცემულია და ინფლაციის მაჩვენებელი მეტად აღარ გაიზრდება, რადგან ფასები უკვე საკმაოდ მაღალია. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ფასები გარკვეული პერიოდის გამავლობაში შენარჩუნდება.
რაც შეეხება 8,5%-იან განაკვეთს ეს ფაქტიურად ნულის მომცემია ეკონომიკისთვის, რადგან ამ კუთხით ეკონომიკა ვერ განვითარდება. განაკვეთი უნდა იყოს გაცილებით დაბალი. 2018 წლიდან ყველა განვითარებად ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთები ნულის ტოლია ან ნულთან მიახლოებული.
8,5 % იანი საპროცენტო განაკვეთი არ ნიშნავს იმას, რომ კომერციული ბანკები მსესხებელს ამავე პროცენტში მიცემენ სესხს. ისინი დაამატებენ თავიანთ მოგებას და შესაბამისად სესხები გაიცემა 10%, 11%, 12%-ის ზემოთ. ჩვეულებრივ იპოტეკარებზე სესხები ისედაც 13, 13,5%-შია.
ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ მეტად რეალურად შეაფასებდნენ არსებულ სიტუაციას და გლობალურ კრიზისს. ეროვნულ ბანკს შეუძლია საპროცენტო განაკვეთი დაეწია 6,5%-მდე. ეს იქნებოდა ეკონომიკის წახალისება. მიდგომა, რომ ინფლაცია თუ იზრდება უნდა გავზარდო საპროცენტო განაკვეთი ეს ყოველთვის არ მუშაობს. პირიქით, ინფლაციას უნდა ებრძოლო ჭარბი ფულით და ამ ფულმა უნდა შექმნას მეტი სამუშაო ადგილი"-აცხადებს აჭარის მაუწყებელთან საუბრისას ეკონომიკის ექსპერტი ნიკა შენგელია.
ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიისა და საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნის ფონზე მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური გაურკვევლობა კვლავ გრძელდება. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ მარტში 6.1 პროცენტი შეადგინა. ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაცია დროებითი ფაქტორების გამო, რამდენიმე თვის განმავლობაში მაღალ მაჩვენებელზე შენარჩუნდება, შემდეგ ეტაპობრივად შემცირდება და 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ დონემდე დავა.