თუ მოვადუნეთ სოციალური დისტანცირება, მაისის პირველ დეკადაში რამდენიმე ათასეული შემთხვევა გვექნება 

15 აპრილი 2020, 12:35 1898 ნახვა

''უნდა გავითავისოთ როგორ მოვიქცევით თითოეული ჩვენთაგანი ამ 2 კვირის განმავლობაში, როგორ ავარიდებთ თავს დიდ თავყრილობებს, იქნება ეს ოჯახებში, ეკლესიებში, სასაფლაოებზე თუ სხვაგან  - ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. მისი განცხადებით,  საქართველოს საპატრიარქოსთან კონსულტაციებია ამ დრომდე მიმდინარეობს.

ამირან გამყრელიძის თქმით, თუ მოსახლეობა რეკომენდაციებს არ დაიცავს,  აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში იქნება ინფიცირების ათასობით შემთხვევა, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს. 

„გუშინდელი სიგნალი და ნახტომი უკვე სერიოზულია, ამიტომ ერთი წუთი მოდუნებისა და დამშვიდების უფლება არ გვაქვს. ქალაქში ისევ დადის ბევრი მანქანა, ისევ დიდი მოძრაობაა თბილისში, ადამიანები ისევ იკრიბებიან, ეს დაუშვებელია, ცეცხლს ვეთამაშებით, იცოდეთ. მომავალი 2-3 კვირა იქნება ძალიან მძიმე, პირდაპირ გეტყვით. 300-ს რომ გადავცილდებით, მოსალოდნელია სწრაფი ზრდა იყოს კიდევ უფრო მეტად, ამის ნიშანი გვქონდა ჩვენ.

თუ ჩვენ მოვადუნეთ დღეს სოციალური დისტანცირება და არ დავიცავით საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული რეგულაციები, იცოდეთ, რომ აპრილის ბოლოს, მაისის პირველ დეკადაში რამდენიმე ათასეული შემთხვევა გვექნება ქვეყანაში. რამდენიმე ათასეულიდან იანგარიშეთ, რომ 20-30%-ს დასჭირდება ინტენსიური თერაპია და რეანიმაციული ღონისძიებები, რომელიც საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნება ჯანდაცვის სისტემისთვის და სამწუხაროდ, გვექნება დანაკარგი.

ამიტომ ამას ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ და ვთხოვ საქართველოს მოსახლეობას, რომ დავიცვათ ყველა წესი, რასაც გვეუბნება სახელმწიფო, დარჩი სახლში, დაიცავი დისტანცია, არ შევიკრიბოთ სამ ადამიანზე მეტი, არ გავმართოთ დიდი ქეიფები, ქორწილები, შევიკავოთ თავი”, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის აზრით, საპატრიარქოსთან მოლაპარაკებებით „ოქროს შუალედი“ გამოიძებნება.

„ეს 2 კვირა ვნების და შემდეგ ბრწყინვალე შვიდეულის იქნება რთული, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება. ეს ადვილად მოსავლელი დაავადება არ არის, ამიტომ უნდა გავითავისოთ როგორ მოვიქცევით თითოეული ჩვენთაგანი ამ 2 კვირის განმავლობაში, როგორ ავარიდებთ თავს დიდ თავყრილობებს იქნება ეს ოჯახებში, ეკლესიებში, სასაფლაოებზე თუ სხვაგან. დარწმუნებული ვარ, რომ ოქროს შუალედი და კონსენსუსი გამოიძებნება და ეს ორი კვირა არ მიაყენებს ზიანს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას, არ იქნება ხელშემწყობი ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის დაწყების“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი