საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა 

10 მარტი 2020, 13:16 2085 ნახვა

საქართველოში, 26 თებერვლიდან დღემდე, ინფიცირებულთა რაოდენობა 15-ია, გუშინ, ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. 

ყველა ინფიცირებული პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, მათგან პირველი ორი პაციენტი ირანიდან დაბრუნდა საქართველოში. ისინი საზღვარზევე აიყვანეს და ბევრი კონტაქტები ქვეყანაში არ ჰქონიათ. 

დანარჩენი 13 პაციენტი კი იტალიაში მოგზაურობდა. ერთ მათგანი, 31 წლის ქალი იყო, რომელიც ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ სამსახურში გავიდა. ვირუსის დაფიქსირების შემდეგ თბილისის ერთ-ერთი ბანკის ფილიალი, სადაც ის მუშაობდა, დროებით დაიხურა - კარანტინი გამოცხადდა. 

რაც შეეხება მე-4 პაციენტს და მასთან ერთად კიდევ 10 ინფიცირებულს, ერთმანეთთან არიან დაკავშირებულები. ინფიცირებულებია ოჯახის წევრები და ის ადამიანები, ვისთანაც მათ კონტაქტი ჰქონდათ.

მე-14 და მეთხუთმეტე პაციენტები კი სამთავრობო სტრუქტურებში მომუშავე პირები არიან, ერთ-ერთი მათგანი სამინისტროს მაღალჩინოსანი. 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ თვითიზოლაციაშია ''ქართული ოცნების'' დეპუტატი ოთარ დანელია - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად დაწერა. ამბობს, რომ ის სამუშაო ვიზიტით სტამბოლში იმყოფებოდა, ბორტზე მყოფ ერთ-ერთ მგზავრს კი კორონავირუსი აღმოჩნდა. 

2 მათგანს აღენიშნება შედარებით რთული სიმპტომები. მე-4 პაციენტს ორივე ფილტვის ანთება აქვს.  მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით,  ყველა  პაციენტის  მდგომარეობა  სტაბილურია და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. 

 ამ ეტაპზე კარანტინში  რჩება 178  ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება - 56 პირი.

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კატეგორიულად აფრთხილებს, დაიცვან თვითიზოლაციის წესები.  

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს, რომლებსაც ჯანდაცვის უწყების მიერ მიცემული აქვთ მითითება საკარანტინო პერიოდის თვით იზოლაციაში გატარების თაობაზე, კატეგორიულად აფრთხილებს, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, დაიცვან თვითიზოლაციის წესები, რათა არ შეუქმნან საფრთხე ოჯახის წევრებსა და მთლიანად საზოგადოებას.

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, იტალიაში საქართველოს საელჩო ორგანიზებულად ახორციელებს იტალიის სხვადასხვა ქალაქში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირებას რომში, საიდანაც საქართველოში მათი ორგანიზებულად დაბრუნება განხორციელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ საჰაერო ხომალდები იტალიაში უკვე გაგზავნილია და საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა საქართველოში, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად, უახლოეს პერიოდში განხორციელდება. იტალიიდან ჩამოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს ადგილზე კიდევ ერთხელ ჩაუტარდებათ დეტალური შემოწმება, რის შემდეგაც ისინი 14 დღით სავალდებულო კარანტინს  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად გაივლიან.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი