ბათუმის სიმბოლოდ ქცეული, ქოლგიანი დელფინის ესკიზის ავტორი ავთო ლომაძე 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ბოლო პერიოდში ავადმყოფობდ ადა მძიმე სენს ებრძოდა.
ავთო ლომაძეს საპატიო ბათუმელის წოდება რამდენიმე წლის წინ მიანიჭეს. ის წლების განმავლობაში გაზეთ ''აჭარაში'' პასუხისმგებელ მდივნად მუშაობდა.
ავთო ლომაძემ ქოლგიანი დელფინი 80-იან წლებში დახატა. მაშინ ჟურნალ „ჭოროხის“ მხატვარ-გამფორმებელი იყო. მოგვიანებით მან ბათუმის ემბლემა-ჰერალდიკის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და მეორე ადგილი აიღო.
გაზეთ ბათუმელებისთვის 2004 წელს მიცემულ ინტერვიუში ესკიზის ავტორი ყვება: ''ხალხმა რატომღაც აიტაცა და შეიყვარა. მაშინ ბევრი რამ კეთდებოდა ამ ემბლემით – სამკერდე ნიშნები, ჩანთები. მაშველების სადგური მოიხატა ქოლგიანი დელფინით. დღეს უკმარისობის გრძნობა მრჩება ჩემსავე ნამუშევარზე, გული მწყდება. რომ მცოდნოდა ასე აიტაცებდა ხალხი… ახლაც მგონია, რომ რაღაც აკლია, – მოძრაობა, ელასტიურობა. ეს იყო ნაჩქარევად, ესკიზის დონეზე გაკეთებული. ქართველებს წესად გვაქვს, საქმეს ბოლომდე არ ვაკეთებთ, ვჩქარობთ. მოკლედ, ქოლგიანი დელფინი არ მომწონს, დაუსრულებელია, მაგრამ ვერაფერს შევცვლი. 10 წელია ხელში კალამი არ ამიღია. დღეს ხელი აღარ მემორჩილება. როცა ბარავ, ყანას თოხნი, ხელი უხეშდება''.
ფოტო: (ნანა აბულაძე)
ბათუმში ქოლგიანი დელფინის სკულპტურა დღემდე დგას. თავდაპირველად ბულვარში იყო განთავსებული, მოგვიანებით კი ნავსადგურის ტერიტორიაზე გადაიტანეს.