საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა გერმანია დაამარცხა

30 იანვარი 2020, 10:44 2084 ნახვა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი ჯგუფის პირველ შეხვედრაში გერმანიას დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით - 3:1 დაამარცხა.

შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ 1:1 დასრულდა, მაგრამ მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა საკუთარი შანსები უკეთ გამოიყენა და შეხვედრა გამარჯვებით დაასრულეს.

მატჩში ანგარიში მე-5 წუთზე გერმანელებმა გახსნეს, დამატებაზე ყველას ფიშერმა დაასწრო და ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა. საქართველოს ნაკრებმა წონასწორობა მე-12 წუთზე აღადგინა, შორეული დარტყმით გოლი არჩილ სებისკვერაძემ გაიტანა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ტაიმში მოიპოვა. 29-ე წუთზე რონინიოს კუთხურის შედეგად ძლიერი დარტყმით თალეს ფეიტოსამ საქართველოს ნაკრები დააწინაურა. 31-ე წუთზე კი, ვახტანგ ჯვარაშვილმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრების F ჯგუფში გუშინ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კოსოვო ავსტრიას დაუპირისპირდა და ანგარიშით - 4:2 გაიმარჯვა. საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას დღეს 30 იანვარს ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 19:00 საათზე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.

ბოლო მესამე ტურის შეხვედრას კი საქართველოს ნაკრები 1 თებერვალს კოსოვოს ნაკრებს დაუპირისპირდება.

 

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი