აუდიტის სამსახურმა ცე ჰეპატიტის მედიკამენტების ფასი სამინიტროს ანგარიშგებიდან განსაზღვრა - პრესსამსახური

16 იანვარი 2020, 17:03 1465 ნახვა

ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს ცე ჰეპატიტის პროგრამასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა, თქვა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, მედიკამენტის 2016 წლის ფასები „ვიკიპედიაში“, ან რაიმე ასეთ პორტალში ნახა. სერგეენკომ აქვე განაცხადა, რომ 2018 წელს ეს წამალი უკვე რვაჯერ ნაკლები ღირდა. 

„საქართველო ამ მედიკამენტს იღებს უფასოდ. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებული იყო, რომ რაღაც განფასება გაეკეთებინა ამ დონაციაზე და ვვარაუდობ, რომ მათ აიღეს „ვიკიპედიაში“, ან რაიმე ასეთ პორტალში ნანახი 2016 წლის ფასები, სადაც ეს მართლაც მაღალი ღირებულებისაა. 2018 წელს ეს მედიკამენტი უკვე რვაჯერ ნაკლები ღირდა, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. ერთადერთი მნიშვნელობა აქვს შედარებისათვის - თუ იგივე ფასებს ავიღებთ, გამოვა, რომ დღეის მდგომარეობით, ჩვენ უკვე 17 მილიარდი ლარის მედიკამენტი გვაქვს დახარჯული იმ 65 ათასი პაციენტის მკურნალობაზე“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ყოფილ მინისტრს დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წერილობით უპასუხეს. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადმოგზავნილ დოკუმენტში წერია, რომ მედიკამენტების ღირებულების განსაზღვრისას  სამინიტროს ანგარიშგებებით იხელმძღვანელეს. 

აუდიტის მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ უწყების ფინანსურ ანგარიშებში არსებული აქტივების სამართლიანი ღირებულებით წარდგენა, უშუალოდ სამინისტროს ვალდებულებას წარმოადგენს.  

''ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშში დასახელებული ცე ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების ღირებულება-  560,645,083 ლარი - ასახულია  სამინისტროს მიერ მომზადებულ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.

ფინანსური აუდიტი წარიმართა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, რომლის თანახმად სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ აქვს ვალდებულება განახორციელოს სხვა უწყებაში აღრიცხული აქტივების გადაფასება'' - წერია მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

560 645 083 ლარის ღირებულების C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტს ვადა გაუვიდა - წერია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსურ აუდიტში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მედიკამენტები 2 321‬ ადამიანის სამკურნალოდ გამოდგებოდა.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი