560 645 083 ლარის ღირებულების C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტს ვადა გაუვიდა - წერია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსურ აუდიტში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მედიკამენტები 2 321 ადამიანის სამკურნალოდ გამოდგებოდა. ვადა გაუვიდა 1 222 ინტერფერონს, 5 547 რიბავირინს, 2 268 ზეპატიერზე, 16 834 სოვალდსა და 205 003 ცალ ჰარვონს.
სააგენტოში მედიკამენტების ვადის გასვლის ძირითად მიზეზად 2017 წლის ივლისიდან ბენეფიციართა მკვეთრად შემცირებული მომართვიანობა სახელდება.
''სხვა დანარჩენი მატერიალური მარაგების ანგარიშზე, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღრიცხული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560,645,083 ლარის 23 ვადაგასული მედიკამენტი.
სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი განმარტებით, დაბალი ათვისების მაჩვენებელი გამოწვეულია პაციენტთა რაოდენობის კლებით. აღსანიშნავია, რომ ეს ქვეპროგრამა ბოლო წლებში მუდმივად დაბალი ათვისების მაჩვენებლით ხასიათდება, რაც ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე სამინისტროს არ გაუთვალისწინებია;
პროგრამის ამოქმედების თავდაპირველ ეტაპზე (2015 წელი) ძირითადი სამკურნალო პრეპარატი იყო სოფოსბუვირი, რომელიც სამკურნალო რეჟიმების მიხედვით, ინიშნებოდა სხვა მედიკამენტებთან (ინტერფერონი და რიბავირინი) კომბინაციით. 2016 წლის თებერვლიდან აღნიშნული პრეპარატი ჩანაცვლდა ახალი თაობის მედიკამენტით − ჰარვონით, რომლის მიხედვით შეიცვალა სამკურნალო რეჟიმები და აღნიშნულმა მკვეთრად შეამცირა თავდაპირველ ეტაპზე გამოყენებული პრეპარატების მოხმარება. ასევე სააგენტოს განმარტებით, არსებობს მკურნალობის თვითნებური შეწყვეტის ან გარდაცვალების ფაქტები. ჩართული ბენეფიციარების დაგეგმილი და ფაქტობრივი რაოდენობრივი მაჩვენებლები შემდეგია''- აღნიშნულია დოკუმენტში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ 2018 წელს ცე ჰეპატიტის მართვაზე ბიუჯეტიდან 15.4 მილიონი ლარი გამოიყო, თუმცა, ათვისებულ იქნა მხოლოდ 4 741 000 ლარი, დანარჩენი თანხა კი, გადანაწილდა სხვა პროგრამებზე.
აუდიტის დასკვნაში წერია, რომ C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2018 წელს 41-მა სამედიცინო დაწესებულებამ 25,495 შეტყობინება დააფიქსირა, 80%-ში კი მონიტორინგი საერთოდ არ განხორციელებულა. ასევე 9 რეგიონიდან, ხუთში სპეციალისტებს კონტროლი არ განუხორციელებიათ.
C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა. მედიკამენტი, რომელსაც სამინისტროს ამერიკული კომპანია აწვდის, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასოა.