ნათია ზოიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურას მიმართა. მის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.
"აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილე მიიჩნევს, რომ გიორგი კოხრეიძის ქმედებებში შესაძლოა იკვეთებოდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
ნათია ზოიძე აჭარის ტელევიზიის დირექტორის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს. გიორგი კოხრეიძის განცხადებით, მას აქვს ნათია ზოიძის სატელეფონო კომუნიკაციის ჩანაწერები, რომელსაც გაასაჯაროებს თუ მისი პირობები არ იქნება მიღებული. ამასთან, ტელევიზიის დირექტორი მის მოადგილეს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს" - წერია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის'' მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
30 ნოემბერს გიორგი კოხრეიძემ აჭარის მაუწყებელთან ინტერვიუში ნათია ზოიძის სატელეფონო ზარებზე მიუთითა: „თბილისში რომ ვიყავი, ძალიან ბევრ ზარს შევესწარი იქედან, ძალიან ბევრს.... მოიძიეთ, სთხოვეთ, რომ მოგაწოდოთ ბოლო ორი თვის სატელეფონო ზარები. მე არა მაქვს ამაზე წვდომა. მე ვიცი, რომ არის მუდმივი კავშირი“, - თქვა მან.
აჭარის ტელევიზიის დირექტორის ამ კომენტარს ნათია ზოიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და „ფეისბუკის“ გვერდზე დაწერა: „აი, კიდევ ერთი ფაქტი, სატელეფონო კომუნიკაციას უსმენენ. მოისმინონ – ნოდარს მელაძის (მთავარი არხი), მათეს კირვალიძის – (ტვ პირველი) და გიორგი ლაფერაშვილთან (ფორმულაnews) სინქრონებზე, რომ ვმათხოვრობ, ეგაა ალბათ. მაგრამ კაცი მისი პირით ამბობს, რომ ჩემს ტელეფონს უსმენენ“.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილეს, ნათია ზოიძეს გიორგი კოხრეიძემ საინფორმაციო სამსახურის საქმიანობაში ჩაურევლობა და მისი სარედაქციო პოლიტიკიდან ჩამოშორება მოსთხოვა.
29 ნოემბერს, ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ, ნათია ზოიძე და ჟურნალისტების ნაწილი საუბრობდნენ იმაზე, რომ დირექტორი მის მოადგილეს, ჟურნალისტების თანდასწრებით ფაქტების გასაჯაროებით დაემუქრა, თუმცა არ უთქვამს რა ფაქტები ჰქონდა მას.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, გიორგი კოხრეიძე ამბობს, რომ მას არვინ დაუშანტაჟებია. ფიქრობს, რომ ნათია ზოიძის ხელშეკრულება უკანონოა და მას სთხოვს აღარ ჩაერიოს საინფორმაციო სამსახურის საქმიანობაში.
გიორგი კოხრეიძე, დირექტორად არჩევის შემდეგ, 29 ნოემბერს, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებს პირველ სამუშაო შეხვედრაზე, არჩევიდან ერთი კვირის შემდეგ შეგვხვდა.შეხვედრა იყო ხმაურიანი და დაძაბული.