ხულოს მუნიციპალიტეტი საახალწლო-საშობაო ნობათის შეძენაზე ტენდერს აცხადებს.
სასაჩუქრე ამანათები საბავშვო ბაღების 785 აღსაზრდელზე, 190 მრავალშვილიან დედასა და 18 წლამდე შშმ ბავშვზეა გათვალსიწინებული.
საბავშვო ბაღების აღსაზრდელებზე გადასაცემი სასაჩუქრე ამანათების შემადგენლობაშია: ორცხობილა კაკაოთი და ვანილით, მზესუმზირა მარილით, კარტოფილის ჩიფსი, ვანილის ბატონჩიკი, სიმინდის ბურბუშელა, ჟოლოს ბისკვიტი, ნატურალური წვენი, რძიანი შოკოლადი რძის შიგთავსით.
მრავალშვილიან დედებსა და 18 წლამდე შშმ ბავშვებს კი მერია: შაქარს, ზეთს, კარაქს,კაკაოს, შესქელებულ რძეს, შოკოლადს, პურის ფქვილს, შავ ზეთის ხილს, ხორცის კონსერვს, ატმის ნატურალურ წვენს გადასცემს.
კითხვაზე თუ რატომ მოხდა სასაჩუქრე კალათაში ჩიფსები, მზესუმზირა, რომელთა მიღება პატარებისთვის რეკომენდირებული არ არის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი, ჩიფსები და კარტოფილის ფრი მსოფლიოში ყველაზე მავნე საკვებად დაასახელა.
ხულოს მერის მოადგილე ამბობს, რომ სასაჩუქრე კალათა შარშანდელის მსგავსად განისაზღვრა. ნადიმ ვასაძის განმარტებით, არსად არ არის ნათქვამი, რომ ეს პროდუქტები რეკომენდირებული არ არის.
"სასაჩუქრე კალათა შარშანდელის მსგავსად განისაზღვრა. არსად არ იყო ნათქვამი, რომ ეს პროდუქტები რეკომენდირებული არ არის. ეს არის საახალწლოდ ერთჯერადი სასაჩუქრე პაკეტი, ყოველდღიური რაციონის საკვები ეს ბუნებრივია არაა. არც ერთი რეგულაციით არ წერია, რომ თუნდაც ჩიფსის ბავშვებზე მიცემა აკრძალულია. მითუმეტეს, რომ ეს პროდუქცია მოთხოვნადია ბავშვების მხრიდანაც და ამიტომაც შევიტანეთ კალათაში. შარშანაც დავურიგეთ ჩიფსები და არავის არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს, პირიქით მადლობა გადაგვიხადა მშობლებმა და ბავშვებმაც"-განაცხადა ხულოს მერის მოადგილემ აჭარის მაუწყებელთან საუბრისას.
სასაჩუქრე კალათები ბენეფიციარებს ახალი წლის დღეებში დაურიგდება.
შესყიდვის საერთო ღირებულება 22 338 ათასი ლარია.
სატენდერო წინადადებების მიღება 6 დეკემბერს მთავრდება.