პარლამენტთან მისასვლელი გზა ლითონის კონსტრუქციებითაა ჩაკეტილი

28 ნოემბერი 2019, 09:50 1933 ნახვა

პარლამენტის მიმდებარე ქუჩები, ასევე საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე შესასვლელი პოლიციას რკინის კონსტრუქციებით აქვს ჩაკეტილი. ჭიჭინაძის ქუჩაზე ლითონის ღობე  არ დგას, თუმცა პარლამენტის შესასვლელ ჭიშკართან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

პოლიცია საკანონმდებლო ორგანოსკენ გადაადგილების უფლებას მხოლოდ პარლამენტის აკრედიტაციისა და საშვის მქონე პირებს აძლევენ.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და #სირცხვილიას აქტივისტები აცხადებენ, რომ პარლამენტის ვერცერთ შესასვლელთან ვერ მიდიან. დღეს მათ საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება ჰქონდათ დაგეგმილი. 

''მშვიდობიან მოქალაქეებსა და პარლამენტარებს შორის, ხელისუფლებამ ერთ ღამეში რკინის კონსტრუქციები აღმართა. ფეხით გადაადგილებაც კი გვეზღუდება. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას რკინის ღობე შემოავლეს'' - უთხრა ჟურნალისტებს ლევან ხაბეიშვილმა, რომელიც თბილისს საკრებულოს წევრია. 

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. 

პარალელურად პოლიციელები იმყოფებიან მთავრობის შენობასთან, სადაც სხდომა უნდა გაიმართოს. 

''ჩვენ ვაპირებდით ამ შენობის პიკეტირებას და პოლიცია გვეხმარება პიკეტირებაში. ''ქართული ოცნების'' წარმომადგენლებს უწევთ გვირაბებით, მალულად შესვლა შენობაში და ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება აღარ არსებობს, ჩამოშლილია. ამ ხელისუფლებას არა აქვს არანაირი ლეგიტიმაცია, როდესაც გეშინია საკუთარი ხალხის და მოქალაქეების შენი პოლიტიკური მომავალი ძალიან მალე დასრულდება. რისი ეშინია ივანიშვილს, ეს გუშინ თქვა ინტერვიუში, ამ თავგანწირვის, ამ იდეების და ერთობის ეშინია, რომელიც ქართველ ხალხს აქვს'' - განაცხადა ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრმა აკაკი მინაშვილმა. 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ. ივანე მაჭავარიანი საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში უნდა წარსდგეს.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი