დღეიდან თუთუნი გაძვირდა და რეგულაციები გამკაცრდა

21 ნოემბერი 2019, 09:40 5939 ნახვა

თუთუნი გაძვირდა.  საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად,  დღეიდან, 21 ნოემბრიდან, დაუფასოებელი სახით იკრძალება ნებისმიერი თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის თამბაქოს ნედლეულის, ჩიბუხის თამბაქოს, შესახვევი თამბაქოს, ასევე ჩილიმისათვის განკუთვნილი თამბაქოს რეალიზაცია და მიწოდება. 

თამბაქოზე უნდა იყოს აქციზური მარკა და სამედიცინო გაფრთხილება. აღნიშნული ნაწარმის რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია ნეტო-მასით 50 ან 100-გრამიან პირველად საფუთავებში.  აღნიშნული წესით დაფასოებული თამბაქო უნდა იყოს დადგენილი წესით აქციზური მარკით ნიშანდებული. წინააღმდეგ შემთხვევაში რეალიზატორები დაჯარიმდებიან. შეფუთვის გარეშე თუთუნს ვეღარ გაყიდიან ქალაქშიც.

 ქედის, შუახევისა და ხულოს მკვიდრები თუთუნზე აქციზის დაწესებას და რეგულაციების გამკაცრებას აპროტესტებენ. აქცია რამდენიმე დღის წინ აჭარის მთავრობის სახლთან და ქედაშიც გაიმართა. ისინი ხელისუფლებას გამონაკლისის დაშვებას სთხოვენ.

თუთუნის მწარმოებლები ამბობენ, რომ 1 კილოგრამ წარმოებულ ნედლეულზე აქციზის გადასახადი 60 ლარია, რისი გადახდაც გლეხებისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია. 

ასევე, 21 ნოემბრიდან, აქციზური მარკირების გარეშე იკრძალება ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისათვის განკუთვნილი სითხეების რეალიზაცია.

თამბაქოსა და მისი ნაწარმზე აქციზის გაძვირება 2018 წლიდან დაიწყო. ფასის მატება რამდენიმე ეტაპად მოხდა. წლის ბოლომდე შესაძლოა, კოლოფი სიგარეტის ფასმა ათ ლარს მიაღწიოს და ამავე ფასს გაუთანაბრდეს თუთუნით დაფასოებული სიგარეტიც.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი