პატიმარი ამბობს, რომ ბათუმის ციხეში მთავარი ექიმი მსჯავრდებულებს არაადამიანურად ეპყრობა

15 ნოემბერი 2019, 14:30 3121 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს წერილით კიდევ ერთმა პატიმარმა მიმართა. რ-კ წერს, რომ მას ციხეში ექიმები არაადამიანურად ეპყრობიან. ამბობს, რომ მთავარი ექიმი არ უსმენს, ცუდად ექცევა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების დროს მსჯავრდებულს სათანადოდ არ ეხმარება. 

პატიმარი ყვება, რომ სასწრაფო ოპერაცია აქვს გასაკეთებელი, თუმცა ორი თვეა ალოდინებენ. მისი მდგომარეობა კი, ყოველდღიურად უფრო და უფრო მძიმდება. ის უფლებადამცველებს რეაგირებისკენ მოუწოდებს და მათთან შეხვედრას ითხოვს. მსჯავრდებული წერილში წერს, რომ შველა ბევრ პატიმარს სჭირდება. 

''არაადამიანურად გვეპყრობა ექიმი და როდესაც პატიმრები ვიძახებთ მთავარ ექიმს, ის არც კი გვისმენს, ისე ცუდად გვექცევა. ზოგჯერ არც კი მოდის ჩვენთან, რომ ვთხოვოთ დახმარება. უბრალოდ გვაინტერესებს ეს მთავარი ექიმი ამ ციხეში რისთვის არის? პატიმრებს ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუარესოს, თუ პატიმრების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდოს?! 

მოგახსენებთ, რომ მაქვს ქრონიკული დაავადებები. ეხლახან, სულ სულ რაღაც ორი თვით წინ, დამიდგინდა, რომ სასწრაფო ცხვირის ოპერაცია მაქვს გასაკეთებელი და რახანია მალოდინებენ გაყვანას. ჩემი მდგომარეობა დღითიდღე უფრო და უფრო უარესდება. გამოვიძახებ ექიმებს და მოვახსენებ ჩემს მდგომარეობას. მაგრამ მათი მხრიდან ამ საკითხზე არაფერი ხდება. მოითმინეო და გახვალო.

პატიმრებს არაფრად გვაგდებენ. უკვე რამდენჯერმე მივწერე ადამიანის უფლებათა დამცველს და სახალხო დამცველსაც, რომ მოგვაქციონ ყურადღება, თუმცა პასუხსაც არ გვწერენ და გთხოვთ დაუკავშირდეთ აჭარის უფლებათა დამცველებს. თქვენ რომ გააშუქეთ, პატიმრის მიერ გამოგზავნილი წერილი, სადაც მსჯავრდებულმა თერმომეტრი გადაყლაპა, ციხეში ადამიანის უფლებათა დამცველი მოვიდა, მოვითხოვე მაგრამ ციხის თანამშრომლებმა ბატონ ცოტნე ანანიძეს არ შეგვახვედრეს. 

მოგმართავთ თხოვნით, რომ დაინტერესდეთ ამ მთავარი ექიმის საქმიანობით. ვინ არის, სად მუშაობდა და წარსულში ასე თუ ექცეოდა პაციენტებს, როგორც აქ ექცევა პატიმრებს. უკვე მერამდენე პატიმარი ვარ ამ ექიმით უკმაყოფილო'' - წერია მაუწყებლისთვის გამოგზავნილ წერილში. 

პატიმრის თხოვნით, მის სახელს და გვარს არ ვასახელებთ, ვწერთ მხოლოდ ინიციალე 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებას, სახალხო დამცველის აპარატს და უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ცოტნე ანანიძესაც დაუკავშირდა. მათ კომენტარებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 

რამდენიმე კვირის წინ, ტელევიზიაში კიდევ ერთი პატიმრის წერილი მოვიდა. ის წერდა, რომ თერმომეტრი გადაყლაპა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი