თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა მამაკაცის, ნოდარ ცხადაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. ის დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმიშვილი, ბექა კვიციანია.
ბრალდებული სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, აიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ დაკავებული პირი წარსულში ნასამართლევია.
''გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ბ.კ.-მ თბილისის ზღვის შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1983 წელს დაბადებულ ნ. ც.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ნ. ც. ადგილზე გარდაიცვალა'' - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.