ბათუმში ქუჩაში მიტოვებული ძაღლი, პატრონს ისევ ქუჩაში ელოდება - მოქალაქის წერილი

19 ოქტომბერი 2019, 13:45 15460 ნახვა

სოციალურ ქსელში ძაღლის ფოტო გავრცელდა, რომელიც ქუჩაში, ღამის საათებში, ბოძზეა მიბმული.  ძაღლის ფოტოზე წერია, რომ  ბონის დასახლებაში ის მანქანით მოიყვანეს და მიატოვეს. 

მოქალაქეებმა ძაღლი აუშვეს, თუმცა ის ადგილს არ ტოვებს და პატრონს ელოდება...  სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებენ მოქალაქეები და იმედოვნებენ, რომ მას ძაღლის მეპატრონეც ნახავს.

"გუშინ, ბონის დასახლებაში, თეთრი პაჯეროთი დატოვა მოქალაქემ ეს ძაღლი, ბოძზე მიბმული!!! მოქალაქეებმა აუშვეს, მაგრამ ის არ მიდის, პატრონს ელოდება ამ დრომდე!  გაავრცელეთ, იქნებ პატრონის ყურამდე მივიდეს" - წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში. 

საქართველოში ოჯახებიდან ქუჩაში ძაღლებს ხშირად უშვებენ. ამას, ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტებიც ამბობენ და მაწანწალა ძაღლებს შორის ჯიშიანი და ძვირადღირებული ძაღლების მატებაც ცხადყოფს.

ბათუმში მიუსაფარ ძაღლებზე მომუშავე კომპანია "სევერის" ვეტერინარი:  "წარმოიდგინეთ, ყველა ქუჩის ძაღლის კასტრაცია ხდება, მაგრამ ქუჩის ცხოველების რაოდენობა კიდევ უფრო იმატებს ბათუმში. ეს იმის ბრალია, რომ არ ხდება სახელმწიფოს მიერ იმათი აღრიცხვა, რომლებსაც აჰყავთ ძაღლი, აჯვარებენ და შემდეგ ლეკვებს ქუჩაში ყრიან, ან ძაღლის მოვლა აღარ უნდათ და ა.შ.  ამიტომ იმატებს მიუსაფარ ცხოველთა რიცხვი და გამოსავალი მხოლოდ ამ სფეროს კონტროლშია. წრეზე ვტრიალებთ და ამით არაფერი იცვლება. ხომ შეუძლებელია ყოველწლიურად კასტრირებული ქუჩის ძაღლები ათასობით მრავლდებოდნენ?" - ამბობს კომპანია "სევერის" ვეტერინარი.

2018 წლის მონაცემებით, ბათუმში ქუჩაში 3950 მაწანწალა ძაღლია აღრიცხული. 

რა ემართება ძაღლს, როცა მას პატრონი ტოვებს?

მიტოვებული ძაღლი განიცდის, ფსიქოლოგებისთვის ცნობილ, სამ სტადიას: პროტესტს, დარდსა და უგულველყოფას (მაგ: საკვებისადმი). 

როდესაც პატრონი ძაღლს მისთვის უცხო ადგილზე ტოვებს, ის ცხოველი არ ცდილობს, აღიქვას გარშემო არსებული სიტუაცია, გაუნძრევლად ერთ ადგილას დგას ან უახლოვდება ყველა გამვლელ ადამიანს იმ იმედით, რომ პატრონს აღმოაჩენს.

მძიმედ აღიქვამენ მიტოვებას, რიგ შემთხვევებში არ ეგუებიან ფაქტს და იმ ადგილზე ელოდებიან პატრონის დაბრუნებას, სადაც ის დატოვეს. რიგ შემთხვევებში, უარს ამბობენ საკვებზეც. 

ძაღლის დახრილი თავი, დაწეული ყურები და კუდიც - მის დარდს გამოხატავს. ყოფილა არა ერთი შემთხვევა, როდესაც ასეთი მდგომარეობა ცხოველის სიკვდილით დასრულებულა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი