სუიციდი სცადა 219-მა ადამიანმა, 207-მა კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - ეს საქართველოს ეხება და მხოლოდ მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებს ასახავს. სტატისტიკა შემაშფოთებელია და ამაზე ღიად საუბრობს სახალხო დამცველი.
ომბუდსმენი სახელმწიფოს როლს უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ პრევენციისთვის არაფერი კეთდება. სხვათაშორის დღეს მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეს აღნიშნავს, რომელიც წელს სუიციდის პრევენციას ეძღვნება. პრობლემა მთელ მსოფლიოს აერთიანებს, რადგან როგორც ცნობილია ყოველ 40 წამში ერთი ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს.
ჯანდაცვის ორგანიზაციები ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვას მთავარ გამოწვევად ასახელებენ და ღიად მოუწოდებენ მოქალაქეებს - თუ ეჭვობ, რომ ვინმე თვითმკვლელობას გეგმავს, გაესაუბრე, მოუსმინე და შესთავაზე დახმარება.