აჭარის მაუწყებელმა დირექტორის კონკურსის შეჩერება გაასაჩივრა

30 სექტემბერი 2019, 16:45 1442 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დირექტორის კონკურსის შეჩერების განჩინება გაასაჩივრა. დოკუმენტი, რომელსაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია ზოიძე აწერს ხელს, სასამართლოში უკვე გაიგზავნა.

ვინაიდან, მრჩეველთა საბჭო არ შეიძლება იყოს მოპასუხე მხარე, საჩივარი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექციამ გააგზავნა. საჩივარი მოსამართლე კობა გოცირიძის განჩინებას ეხება, რომლითაც 24 სექტემბერს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული მე-4 კონკურსის დასრულებამდე, 4 საათით ადრე პროცესი შეჩერდა.

განჩინებას საფუძვლად, მაუწყებლის დირექტორობის ერთ-ერთი მსურველის, გიორგი კოხრეიძის სარჩელი დაედო. კოხრეიძე აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს 22 აგვისტოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. ამბობს, რომ მე-3 კონკურსზე ის 2 ხმით მაუწყებლის დირექტორი გახდა. სადავოდ კი, კენჭისყრის პროცესში, ერთ-ერთი მრჩეველის - ბეჟან გობაძის ("ნაციონალური მოძრაობის" კვოტა) კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარს ხდის.

სარჩელში წერია, რომ ბეჟან გობაძე სხდომას არ ესწრებოდა მრჩევლის სტატუსით, არამედ სხდომაზე იმყოფებოდა როგორც დაინტერესებული პირი. საბოლოოდ, კენჭისყრის დროს მხოლოდ სამი ბიულეტენი გამოიყენეს, საიდანაც 2 ხმა მას ეკუთვნოდა.

მრჩეველთა საბჭოს სამართლებლივი უზრუნველყოფის მენეჯერი განმარტებით, კანონმდებლობით არ აქვს მნიშვნელობა მიიღებს თუ არა კენჭისყრაში მონაწილეობას მრჩეველი, რადგან კანონში არსებული ჩანაწერის მიხედვით, გამარჯვებული კონკურსანტი სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით ვლინდება. სარჩელს თან ახლავს სხდომის ვიდეო ჩანაწერი, სადაც ბეჟან გობაძე თავად განმარტავს, რომ ესწრება სხდომას, უბრალოდ არ იღებს მონაწილეობას კენჭისყრაში.

აქედან გამომდინარე, მრჩეველთა საბჭო მიიჩნევს, რომ დირექტორის ასარჩევად ჩანიშნულ სხდომას, საბჭოს 4 წევრი ესწრებოდა და მაუწყებლის დირექტორის ასარჩევად 2 ხმა საკმარისი ვერ იქნებოდა. სარჩელი სააპელაციო სასამართლოში დღეს შევიდა. მოსამართლეს გადაწყვეტილების მისაღებად 2 თვე აქვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს ნატა იმედაიშვილს იმედი აქვს, სასამართლო უმოკლეს დროში მიიღებს გადაწყვეტილებას, იმისთვის რომ მოქმედმა ბორდმა მოასწროს დირექტორის არჩევა. "ჩვენ ვადაზე ადრე გავასაჩივრეთ, მოსამართლე კობა გოცირიძის გადაწყვეტილება, რომელიც კონკურსის შეჩერებას უკავშირდებოდა. თუ სააპელაციო სასამართლო გაიზიარებს იმ პრეცენდენტს, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გამოიყენა და სარჩელის შეტანიდან რამდენიმე დღეში შეაჩერა კონკურსი, მაშინ მოესწრება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მე-4 კონკურსის ჩატარება" - ამბობს ნატა იმედაიშვილი.

მრჩეველთა საბჭოს 4 წევრს, უახლოეს პერიოდში უფლებამოსილების ვადა ეწურება. ახალი მრჩევლების შესარჩევად, უმაღლეს საბჭომ კონკურსი 28 აგვისტოს გამოაცხადა. მაუწყებლის მრჩევლობა 18 პირს სურს. 

 

 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში