ბათუმში კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და თაღლითობისთვის ძებნილი დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, 2015-2016 წლებში, მოიპოვა 10-მდე პირის ნდობა, რის შემდეგაც სხვადასხვა კომერციულ ბანკებში გაახსნევინა ანგარიშები, თითოეულ ანგარიშზე გაააქტიურებინა ინტერნეტბანკი და გამოართვა საბანკო და სხვა პერსონალური მონაცემები. ამის შემდეგ, ბრალდებულმა მათი გამოყენებით აიღო ონლაინ-სესხები, თაღლითურად დაეუფლა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულად თანხას - ჯამში, 56 345 ლარის ოდენობით და მიიმალა.
2019 წლის მარტში, ბრალდებულს გორის რაიონულმა სასამართლომ, აღკვეთი ღონისძიების სახით, დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა, რის შემდეგაც იგი ქვეყნის მასშტაბით იძებნებოდა.
გამოძიება თაღლითობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.