„წინააღმდეგი ვარ იმ ადამიანების შეწყალების, რომელთაც ხელი აღმართეს პოლიციელზე, ბრალი მიუძღვით პოლიციელის მკვლელობაში ან პოლიციელის მიმართ ძალადობაში'' - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პოლიციელის მკვლელის შეწყალების საკითხზე კომენტირებისას გააკეთა. არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ეს მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე 43 ადამიანი შეიწყალა, მათ შორის ბათუმელი რამაზ დევაძე, რომელიც პოლიციელის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.
''შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, თუმცა ვერ უარყოფთ, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა საზოგადოებასთან ერთად შექმნა ისეთი დემოკრატია, სადაც ოპოზიციას, მმართველ პოლიტიკურ გუნდს, მოქალაქეებს შეუძლიათ განსხვავებული პოზიციები იქონიონ პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დაეთანხმონ მას ან არ დაეთანხმონ'' - ამბობს თალაკვაძე.
საქმე ეხება 2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარ შემთხვევას, როდესაც 22 წლის პოლიციელი თარაშ მუკბანიანი მოკლეს.