"ვსაუბრობ ფაქტებით“- პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავლდებულის ადვოკატი მკვლელობის ღამეს გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს

31 აგვისტო 2019, 08:48 8922 ნახვა

პოლიციელის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული  რამაზ დევაძის ადვოკატმა  2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმში, ღამის კლუბ „ლეგასში“ მომხდარი დანაშაულის ამსახველი ვიდეომასალა Facebook-ზე გამოაქვეყნა.

დავით ჯაფარიძე წერს, რომ „ნაცმოძრაობამ და და მათმა ჟურნალისტებმა იმდენი სიცრუე თქვეს რამაზ დევაძის საქმეზე, რომ წყობიდან გამომიყვანეს. ამ ბოროტ ჭორიკნებს არ ესმით, რომ იურისტი ვსაუბრობ ფაქტებით და მოხდა გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა“.

მისივე თქმით, დამანაშავე უნდა დაისაჯოს მისი ჩანადენის მიხედვით, და არა ნაცხროვის ნარჩენების დაკვეთით, რომლებიც დღესაც მრავლად არიან პოლიცია - პროკურატურაში.

"იხილეთ იდეომასალა და მისი სკრინშოტები, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ, რომ მოხდა უბედური შემთხვევა, განიარაღების დროს რამაზ დევაძეს პისტოლეტი გაუვარდა. თარაში ეცემა იატაკიდან წამოდგომის მომენტში, რა დროსაც მას სახეში ტყვია მოხვდა.
ამავე კადრებით ასევე დასტურდება, რომ პროკურატურის სამი ცრუ მოწმიდან ორი მათგანი - მოლაზადე და ართმელაძე კლუბში საერთოდ არ იყვნენ, საბედისწერო გასროლის დროს, ხოლო მესამე გეჩბაია კი ზურგით იდგა და ვერ დაინახავდა. 
ასევე ნახავთ, რომ რამაზ დევაძეს ხელი არ დაურტყამს თარაშისთვის და მას სულ სხვა პირები სცემენ ფეხებით, რომლებიც დღემდე არ დასჯილან. ინტერესი დევაძის მიმართ ჰქონდათ."- წერს რამაზ დევაძის ადვოკატი სოციალურ ქსელში.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ 28 აგვისტოს შეწყალებულ 34 მსჯავრდებულს შორის ერთ-ერთი რამაზ დევაძე იყო. იგი ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, რამაზ დევაძის შეწყალებას ოპოზიციისა და დაღუპული პოლიციელის ოჯახის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

მოკლული პოლიციელის თარაშ მუკბანიანის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გარდაცვლილს აღენიშნებოდა სხვადასხვა დაზიანებები  სხეულზე რითაც დგინდება, რომ პოლიციელის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას. ოჯახის წევრები პრეზიდენტის გადაწყვეტლებას რამაზ დევაძის შეწყალებასთან დაკავშირებით  არ იზიარებენ და მიიჩნევენ, რომ მას სასჯელი უნდა მოეხადა.

მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ამ ფაქტის განმარტებას არ აპირებს, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა.

რამაზ დევაძის ადვოკატმა მოგვიანებით მკვლელობის ღამეს გადაღებული ვიდეო სოციალური ქსელიდან წაშალა.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი