ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მოსამართლე დავით მამასეიშვილი ბათუმის მერიის 7 მაღალჩინოსნის საქმეს განიხილავს.
პროკურატურამ ყოფილი მერი და მაღალჩინოსნები საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, "იაფი სახლის" პროექტში გამარჯვებული კომპანიის საქმის გამო დაადანაშაულა. როგორც ცნობილია, კომპანიას წარმოდგენილი საგარანტიო ფურცელი გაყალბებული ჰქონდა.
დღეს სასამართლოში მოწმედ საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის განყოფილების ყოფილი უფროსი, ედნარ ნატარიძე იკითხება.
პროკურორის კითხვაზე, შეისწავლა თუ არა მოწმემ ან მისმა სამსახურმა "ფოინთ ბანკის" ნამდვილობის შესახებ ინფორმაცია (საგარანტიო ფურცელი "იაფი სახლის" მშენებარე კომპანიას სწორედ ამ საფინანსო ორგანიზაციიდან ჰქონდა წარმოდგენილი, თუმცა რეალურად ბანკი არ არსებობდა), მოწმემ უპასუხა, რომ ეს მის უფლებამოსილებაში არ შედიოდა. მოწმემ ასევე არ იცოდა ვისი ვალდებულება იყო აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლა და დეტალების დაკონკრეტება.
ედნარ ნატარიძეს გამომძიებელმა ასევე ჰკითხა, თუ რა იცოდა "იაფი სახლის" ტენდერში გამარჯვებული კომპანიის "კონვენტ ჯორჯიას" შესახებ, რაზეც მოწმემ თქვა - "მხოლოს ის, რომ კომპანიას "იაფი სახლის" პროექტი უნდა განეხორციელებინა".
დაცვის მხარეს კი აინტერესებდა ჰქონდა თუ არა მოწმეს ეჭვი გარანტიის გამცემი ბანკის "ფოინთ ბანკის" ნამდვილობის შესახებ და რას მოიმოქმედებდა ის ამ შემთხვევაში? მოწმემ თქვა, რომ ეჭვი არ გასჩენია, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შესაბამის უწყებას აცნობებდა.
ადვოკატებს ასევე აინტერესებდათ, თუ როდის გაიგო საბიუჯეტო განყოფილებამ იმის შესახებ, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია თანხას ვერ აანაზღაურებდა. მოწმემ თქვა, რომ "ეს მაშინ გახდა ცნობილი, როცა კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყდა".