ქრთამის აღების ფაქტზე „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელია დაკავებული.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „თბილსერვის ჯგუფის“ შიდა კონტროლის დეპარტამენტის მუნიციპალიტეტის რაიონული მონიტორინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტი თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით იღებდა ქრთამს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გარემოვაჭრეებისგან, კონტროლის ღონისძიებების თაობაზე წინასწარი ინფორმაციის მიწოდების, დაჯარიმებისგან თავის შეკავებისა და ჩამორთმეული საქონლის უკან დაბრუნების სანაცვლოდ, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხსენებულ გარემოვაჭრეებთან დაკავშირებული პირებისგან ორ კვირაში ერთხელ 3 000 ლარს ითხოვდა.
საქმეში მტკიცებულების სახით დევს ფულადი თანხა და სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეო მტკიცებულება.
წარდგენილი ბრალი სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.