ოკუპანტებმა  მუშაობა თითქმის დაასრულეს - უკანონოდ წაიღეს ორი სახლი, ერთი ოჯახი კი დევნილობას გადაურჩა  

16 აგვისტო 2019, 10:49 3336 ნახვა

გორში, სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სამუშაოები თითქმის დაასრულეს, ამ დროისთვის უკანონოდ გადმოწეულ საზღვართან საოკუპაციო რეჟიმის რამდენიმე ჯარისკაცი იმყოფება. 

ოკუპანტების მიერ, გუშინ უკანონოდ გავლებული ახალი საზღვრის მიხდვით, საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე კიდევ ორი საცხოვრებელი სახლი და მიწა მოექცა.  სახლი და მიწა გუგუტიშვილებისა და რაზმაძეების ოჯახებს წაართვეს, ერთ დღეში ისინი საკუთარ ტერიტორიაზე დევნილებად იქცნენ. 

რაზმაძეების ოჯახს, ორი დღე რჩებათ სახლის დასაშლელად. შემდეგ კი ტერიტორიაზე სადაც ამ დრომდე ცხოვრობდნენ მათთვის დაიხურება და ვეღარ შევლენ. "გამაქვს ყველაფერი, რკინა და სამშენებლო მასალები. აბა ამათ ხომ არ დავუტოვებ მამაპაპის ნაწვალებს? ახალ სახლს თუ ავაშენებ ოდესმე, იქ გამოვიყენებ" - ამბობს გივი რაზმაძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, რომელიც 2008 წელს დამწვარი სახლის ნაწილს საკუთარი ხელით შლის.  

რაზმაძეების ოჯახს საცხოვრებელი სახლის ყიდვას, თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე დაპირდა, ასმი შესახებ ხაზარაძემ ფბ-გვერდზე დაწერა. 

დევნილობას გადარჩა კიდევ ერთი ოჯახი. ოკუპანტებმა სახლს ბოძებით შემოუარეს. სახლი მავთულხლართების აქეთ, საქართველოს ტერიტორიაზე დარჩა. 

გუშინ, 16 აგვისტოს, ოკუპანტებმა საქართველოს მიწების ნაწილის მიტაცება და უკანონოდ მავთულხლართების გავლება დილით დაიწყეს. მთელი დღის განმავლობაში, მოსახლეობის პროტესტისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მოწოდებების მიუხედავად, რუს სამხედროებს სამუშაოები არ შეუწყვეტიათ. დღის ბოლოს საოკუპაციო ზოლთან, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩავიდნენ.

ამჟამად ტერიტორიაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟურნალისტები იმყოფებიან. ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიციაც.  

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში