13 ივნისის ტრაგედიის ქრონოლოგია

13 ივნისი 2019, 13:29 7542 ნახვა

21 გარდაცვლილი, 2 უგზო-უკვლოდ დაკარგული და 1000-მდე დაზარალებული - 2015 წლის 13 ივნისს, სტიქიის შედეგები. 4 წლის წინ, მდინარე ვერეს ხეობაში, სტიქია გვიან ღამით დაიწყო და  დილამდე გაგრძელდა. ხეობიდან მოვარნილმა მეწყერმა ​საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები გაანადგურა.

სტიქია რამდენიმე ლოკაციაზე მძვინვარებდა. ეპიცენტრი სვანიძის ქუჩა, ვერეს ხეობაზე გამავალი ახალი გზა, ზოოპარკი და გმირთა მოედანი იყო. სტიქიის შედეგად მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია, თითქმის განადგურდა თბილისის ზოოპარკი. ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა.

დედაქალაქის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა,  კამერებმა გმირთა მოედანზე ბეჰემოთი დააფიქსირეს. ბეგი ვეტერინარებმა დააძინეს და ისე გადაიყვანეს ვოილერში. 

ქალაქში გასული ცხოველებიდან ერთი ვეფხვი, "ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე, დახურულ საწყობში იყო დამალული. სტიქიიდან მე-4 დღეს, ვეფხვი თავს დაესხა მოქალაქეს, რომელიც  ლაგუნა ვერეს სარდაფში შევიდა. ცხოველი 2 საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ მოკლეს.  

დაზიანდა ქალაქის ინფრასტუქტურა, რის გამოც, სტიქიის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ქალაქი პარალიზებული იყო.  

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში  ათასობით ახალგაზრდა ჩაერთო. შიშველი ხელებით, ნიჩბებითა თუ ხელთათმანებით შეიარაღებულმა მოხალისეებმა დატბორილი ტერიტორიების გაწმენდა დაიწყეს. 

მოხალისეთა ნაწილი სტიქიის ზონაში ფიზიკურად შრომობდა, მეორე ნაწილი კი მათ საკვებითა და წყლით ამარაგებდა. მათ რიგებს შეუერთდნენ სასულიერო პირები, პოლიტიკოსები, ჯარისკაცები, სპორტსმენები, სტუდენტები და ხელოვანები.

 

დაზარალებული, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის დასახმარებლად რეგიონებიდან იგზავნებოდა ტანსაცმელი, საკვები და პირველადი დახმარების ნივთები.

 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი