''დინამო'' ბათუმი ''ჩაწყობილი მატჩების'' საქმეში გარეული არ ყოფილა - ასლან ბალაძე

21 მაისი 2019, 15:09 2546 ნახვა

,,დინამო'' ბათუმის სპორტულმა დირექტორმა დღეს, 21 მაისს საგანგებო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ''გაყიდული და ჩაწყობილი'' მატჩების საქმეში, ბათუმის საფეხბურთო კლუბი გარეული არ ყოფილა.

ასლან ბალაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ''დინამოს'' ფეხბურთელები ამას არასდროს იკადრებენ. ისინი გარიგებულ თამაშებს კატეგორიულად ემიჯნებიან. 

კლუბის სპორტულმა დირექტორმა, 19 მაისის მოვლენები დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოედნის მიღმა, გასახდელებში სამართალდამცველების გამოჩენა მათთვის დიდი მოულოდნელობა იყო. 

''ბათუმში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მატჩი ბათუმის ''დინამოსა და ''ვიტ-ჯორჯიას'' შორის გაიმართა. ეს თამაში დამთავრდა ჩვენი გამარჯვებით - ანგარიშით 2:0. მატჩის შემდეგ მომხდარი, ყველასთვის მოულოდნელი იყო. ჯერ ვერ გავიგეთ რა ხდებოდა, რატომ იყო სუს-ი შემოსული. მოგვიანებით გვითხრეს, რომ ეს ''ვიტ-ჯორჯიასთან'' იყო დაკავშირებული. გავიგეთ, რომ ეხებოდა გარიგებულ თამაშს, ძალიან ცუდ ფაქტს. ამ მატჩის შემდეგ პრესაშიც, ტელევიზიებშიც მუსირებდა აზრი, რომ ეს იყო ჩაწყობილი. თითქოს ''დინამოს'' რაღაც ხელი ჰქონდა ამ თამაშთან მიმართებაში. მინდა ყველამ სწორად გაიგოს, ასეთი რაღაც ბათუმის ''დინამოს'' ისტორიაში არ ყოფილა და არც იქნება,'' - თქვა ბრიფინგზე ასლან ბალაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში