ნუ დაანგრევთ ჩვენს სახლს - ნახევრადაშენებული კორპუსის ამბავი

10 აპრილი 2019, 00:00 2930 ნახვა

''არა დემონტაჟს'', ''ეს ჩვენი სახლია, ბათუმის მერიამ აიღოს პასუხისმგებლობა'', ''პროკურატურა უნდა იყოს ხალხის სამსახურში'' - ეს ბანერები დღეს მოქალაქეებმა მერიის შენობასთან მიიტანეს. ისინი ლაშა კომახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მშენებარე სახლი არ უნდა დაანგრიონ, ქალაქის მერმა კი პრობლემის მოსაგვარებლად სხვა გზა იპოვოს. ითხოვენ მივიდეს ინვესტორი, რომელიც დაწყებულ მშენებლობას დაასრულებს და ოჯახებს ბინებით დააკმაყოფილებს. 

მოქალაქეები ყვებიან, რომ ისინი თაღლითური სქემის მონაწილეები აღმოჩდნენ და დაზარალებულის სტატუსის მისაღებად, სამართლებრივი პროცედურები დაწყებული აქვთ.

თამარის დასახლებაში საცხოვრებელ კორპუსს კომპანია ''სვეტი'' აშენებდა, სადაც მოქალაქეებმა ბინები წინასწარ შეიძინეს და თანხაც გადაიხადეს. 2018 წელს კომპანიის დირექტორი თაღლითობისთვის ფინანსურმა პოლიციამ დააკავა. 

სახლის ნაწილი, შვიდი სართული უკვე აშენებულია. 

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ დემონტაჟის ბრზანების გაცემამდე კომპანიის წარმომადგენლები ხუთჯერ დააჯარიმეს. სამჯერ ​სამუშაოების შეუჩერებლობის, ორჯერ დემონტაჟის ნებაყოფლობით შეუსრულებლობაზე. ჯარიმის გადაუხდელობის გამო კი საურავიც დააკისრეს.

თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ სახლის დემონტაჟის ბრძანება 2017 წლის 25 ოქტომბერს გამოსცეს, 2018 წლის 14 მარტს კი ის აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაეცა.

კომპანიას მერიისგან ნებართვა მხოლოდ ხიმინჯების მოწყობაზე ჰქონდა. 

აქციის მონაწილეებმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ ბინის მომავალ მესაკუთრეებად ისინი რეესტრში 1 მარტს დარეგისტრირდნენ, გასული წლის 14 მარტს კი თვითმმართველობამ სახლის დემონტაჟის ბრძანება გამოსცა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი