ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებულ ზაალ ახვლედიანის მხარდასაჭერად ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მდუმარე აქცია გაიმართა. ზაალ ახვლედიანის ახლობლებმა ადვოკატის უფლებების დაცვა მოითხოვეს. მათი განმარტებით პროცესები პროკურატურის მხრიდან მოსამართლის მიმართ ზეწოლის ნიშნებს შეიცავდა, რაც გამამტყუნებელი განაჩენის მიზეზი გახდება. შეკრებილები ხელახალი ექსპერტიზის საქმის მასალების გასაცნობად ადვოკატისთვის მიცემული ვადის სიმცირეზე საუბრობენ.
ზაალ ახვლედიანი ხელვაჩაურში სპეცოპერაციის დროს დააკავეს, 6 თვეა საქმეს მოსამართლე ლევან გელოვანი განიხილავს, მოსამართლის აცილება ზაალ ახვლედიანის ახლობლებმა რამდენჯერმე მოითხოვეს, თუმცა არ დაკმაყოფილდა. პროკურატურისა და ადვოკატის დასკვნით სიტყვას მოსამართლე 10 აპრილს მოისმენს, ამავე სხდომაზე გამოცხადდება დაკავებულის განაჩენიც.