“ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჩაქვში გვირაბთან შემოვლითი გზის მშენებლობა არ განხორციელდა, თანხა კი კონტრაქტორ კომპანიას ჩაერიცხა.
რეზო ხარაზის მტკიცებით, ამ პროექტისთვის 2017 წელს პირდაპირი მიყიდვის წესით გაფორმებული ხელშეკრულებით 2 მილიონ ლარზე მეტი მიიღო შპს “გზამ“, რომელიც მათი ინფორმაციით ხეების ტრანსპორტირებასთან არის დაკავშირებული. ხარაზის განცხადებით, იგივე კომპანიისგან ახალი ხელშეკრულება ფორმდება.
კომპანიაში ბრალდებებს უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ ვალდებულებები ბოლომდე შეასრულეს. შპს “გზის“ იურისტის განმარტებით, წინა ხელშეკრულება მხოლოდ სახარჯთაღრიცხვო და საპროექტო დოკუმენტების მომზადებას და სამუშაოების ნაწილის შესრულებას ითვალისწინებდა. ბრალდებებზე კომენტარი არ გაკეთებულა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.