სახლში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება დაიწყო

13 მარტი 2019, 00:00 1436 ნახვა

ბათუმში, თევდორე აჭარელის ქუჩაზე საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის რომან ნაკაშიძის სახლის ნაწილი დაიწვა.  დაკეტილ სახლში, სადაც ადვოკატის თქმით, უკვე რამდენიმე თვეა არავინ ცხოვრობს, გათბობის და ელექტრო-სისტემა გათიშული იყო. ცეცხლი მეზობლებმა გამთენიისას, 4 საათზე შენიშნეს. ადვოკატი ლაშა შუკაკიძე ირწმუნება, რომ ხანძარი შენობაში განზრახ გააჩინეს და ის სახლის მეპატრონის, რომან ნაკაშიძის მიმართ დევნას უკავშირდება. შუკაკიძე ამბობს, რომ  არ გამოუკითხვათ პირი, ვინც უწყებას ხანძრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

რომან ნაკაშიძე ნარკოდანაშაულისთვის 2016 წელს დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ იგი გაამართლა. სააპელაციო სასამართლომ კი რომან ნაკაშიძე დამნაშავედ ცნო.  მან საქართველო ბათუმის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხანძარზე გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს, ცეცხლის წაკიდებით. პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმეზე გამოკითხულია რამდენიმე ადამიანი. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი