მოვითხოვთ ძველ ბათუმში სახლების დანგრევის გადაწყვეტილებაზე ხელი არ მოაწეროთ - წერილი ლაშა კომახიძეს

21 თებერვალი 2019, 00:00 2353 ნახვა

მოქალაქეები, რომლებიც ბათუმის ევროპული ნაწილის დაცვის ზონას ამოქმედებას, ისტორიული სახლების შენარჩუნებას და უკონტროლო და ქაოსურ მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ, ბათუმის მერს სთხოვენ, არ მიიღოს ე.წ. ზონალური საბჭოს გადაწყვეტილებები უპირობოდ, რომელიც ქალაქისთვის საზიანოა. 

ღია წერილი საინიციატივო ჯგუფმა გუშინ გამოაქვეყნა:

''ბატონო ლაშა, 
ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს მეცადინეობა წერით უნარების განვითარებაში, მაგრამ სხვა გზა ვერ მოვძებნეთ მოგაწვდინოთ ჩვენი ხმა. 
დღეს, თქვენ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი ძველი ბათუმის“ კიდევ ერთი ღია წერილის წაკითხვა მოგიწევთ. ჩვენს აღელვებას იწვევს ის ფაქტი, რომ მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული ე.წ. ზონალური საბჭო არა მხოლოდ დაუსაბუთებელ, არამედ ქალაქისთვის საზიანო გადაწყვეტილებებს იღებს. 
ე.წ. ზონალურმა საბჭომ 2019 წლის 8 თებერვალს, ერთ დღეში გადაწყვიტა ისტორიული დაცვის ზონაში მყოფი რამდენიმე სახლი დაანგრიოს. თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს. 
ე.წ. ზონალურმა საბჭომ გასცა ნებართვები და შესაბამისად იგეგმება:
• ჟორდანიასა და მაზნიაშვილის ქუჩების კვეთაში, ორი ორსართულიანი სახლის დემონტაჟის ხარჯზე შპს „პროგრეს სიტის“ მიერ 15 მეტრის სიმაღლის სასტუმროს მშენებლობა;
• მემედ აბაშიძის ქუჩა N7-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე არსებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე დაშენება, რეკონსტრუქციის მიზნით;
• რუსთაველის ქუჩა N21-ში და ვაჟა ფშაველას ქუჩა N27-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა;

ეს სია არასრულია, თუმცა საკმარისია ე.წ. ზონალური საბჭოს ლუსტრაციისთვის და იმის დასადასტურებლად, რომ საბჭოს მიერ დადგენილი პრაქტიკა - ერთ კალენდარულ დღეშიც კი, ქალაქისთვის სერიოზული ზიანის მომტანია.

აქედან გამომდინარე, მოგმართავთ თქვენ, ქალაქის არჩეულ მერს! რადგან ქალაქის ნგრევის შეჩერების ინსტრუმენტი გააჩინა იმ ინსტიტუციას, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ. მოვითხოვთ, ე.წ. ზონალური საბჭოს გადაწყვეტილებები მიიჩნიოთ მხოლოდ რეკომენდაციად და არ გაითვალისწინოთ უპირობოდ!

ვაცნობიერებთ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადება, რომელიც მან ბიზნესობუდსმენთან შეხვედრის დროს 2018 წლის 5 დეკემბერს გააკეთა იყო საფრთხის შემცველი. ეს იყო მისი მხრიდან პირდაპირი მუქარა, რომ მუნიცალიპალიტებები მშენებლობის ნებართვების გაუცემლობის შემთხვევაში “გულგრილობისა და გადაწყვეტილების მიუღებლობისთვის“ აგებდნენ პასუხს. ჩვენ ვხედავთ, რომ ბატონი რიჟვაძის განცხადება შესაბამისმა ორგანოებმა მიიღეს პირდაპირ დავალებად და მწვანე შუქი აუნთეს ქალაქის ნგრევის ქრონიკას. 
მოგეხსენებათ, რომ აჭარის მთავრობა ადგილობრივი თვითმართველობის კომპენტაციებში ვერ ჩაერევა. მშენებლობების ნებართვის გაცემა არის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება, თქვენ და თქვენი თანამშრომლები ანგარიშვალდებულები ხართ არა ბატონი რიჟვაძის, არამედ კანონის და მოქალაქეების წინაშე. 
15 თებერვალს, თბილისში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში გაფართოებულ შეხვედრაზე, თქვენ კიდევ ერთხელ დარწმუნდებოდით რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეულ სახლს ბათუმის ისტორიული ზონის გადასარჩენად. თქვენი პრეროგატივაა ბათუმის დაცვა. 
მოგიწოდებთ, ბათუმის ისტორიული დაცვის ზონაში მშენებლობების ნებართვის გაცემაზე გამოაცხადოთ მორატორიუმი, სანამ ისტორიულ ზონას არ ექნება სპეციალური მარეგულირებელი დოკუმენტი.'' - წერია "დაიცავი ძველი ბათუმის'' მიერ გავრცელებულ წერილში.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი