სპორტის სიახლეები

07 თებერვალი 2019, 00:00 1524 ნახვა

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. გეგა გეგეშიძე ამბობს, რომ ''კინკლაობა'' უნდა დასრულდეს, მომხდარს კი ნანობს. ჭიდაობის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი, დღეს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდიუმის სხდომა ჩატარდება, სადაც გეგეშიძის თანამდებობიდან წასვლა-დარჩენის საკითხი გადაწყდება. ასევე იმსჯელებენ დათუნაშვილის საკითხზეც. 19 იანვარს, ტელეკომპანია ''რუსთავი 2''-მა გამოაქვეყნა კადრები, სადაც გეგა გეგეშიძის და ზურაბ დათუნაშვილის დაპირისპირება იყო ასახული. კადრების გავრცელების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე ძალადობის მუხლით აღძრა, რასაც  გეგეშიძის დაპატიმრება და შემდეგ, გირაოს წესით გათავისუფლება მოჰყვა. 3 თებერვალს, ზურაბ დათუნაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე ის ურთულესი არჩევანის წინაშე იყო. ''ან კარიერა  დაასრულოს, ან სხვა ქვეყნის სახელით გააგრძელოს ასპარეზობა''.

კოლეჯებს შორის საკალათბურთო ასოციაციის დიდი-10-ის კონფერენციაში მოთამაშე ილინოისმა დრამატულ ბრძოლაში მიჩიგანი - 79:74 დაამარცხა. გამარჯვებულთა რიგებში ბრწყინვალედ ითამაშა 20 წლის გიორგი ბეჟანიშვილმა, რომელმაც 32 წუთში 16 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ილინოისი კონფერენციაში მე-5 ადგილზეა და 9 თებერვალს რატჯერსს შეხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი  ფორვარდი ოფიციალურად ავსტრიის მოქალაქეა, მიჩიგანთან გამარჯვება გუნდთან ერთად საქართველოს დროშით იზეიმა.

"დალასის" ახალწვეულმა ლუკა დონჩიჩმა "შარლოტთან" მოგებულ მატჩში კარიერაში მესამე სამმაგი დუბლი გაიფორმა.“მევერიკსის" მცველმა 19 ქულა, 11 პასი და 10 მოხსნა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ 19 წლის დონჩიჩი NBA-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი გახდა, რომელმაც სამი სამმაგი დუბლი გაიფორმა. აქამდე ეს რეკორდი ლებრონ ჯეიმსს ეკუთვნოდა. მაშინ მეფე ლებრონი 20 წლის იყო. დალასელები პლეიოფში მოსახვედრად იბრძვიან. რიკ კარლაილის გუნდს ჯერჯერობით მოგება-წაგების უარყოფითი ბალანსი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას „მავერიქსი“ საკუთარ დარბაზში სეზონის ლიდერ „მილუოკი ბაქსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

ესპანეთის სამეფო თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი ფრედ დასრულდა. საწყის წუთებში „რეალმა“ კლემან ლანგლეს შეცდომით ისარგებლა და სწრაფი გოლი გაიტანა. ტაბლოზე 0:1 ესპანელმა შემტევმა, ლუკას ვასკესმა დააფიქსირა. ამის შემდეგ შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ბარსელონას შეტევის ყველაზე აქტიური წევრი, მალკომ ოლივეირა არც მეორე ტაიმში გაჩერებულა და 58-ე წუთზე 21 წლის ფორვარდმა წონასწორობა აღადგინა. 63-ე წუთზე, ფილიპე კოუტინიოს ნაცვლად, მოედანზე ლიონელ მესი გამოჩნდა, მაგრამ არგენტინელის შემოსვლა ანგარიშზე არ ასახულა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. საპასუხო შეხვედრა 27 თებერვალს, 23:55 საათზე, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართება.

დინამო" ბათუმი თურქეთის ქალაქ ანტალიაში  ორ კვირიან მოსამზადებელ ეტაპს გადის, სადაც ამხანაგურ მატჩებს გამართავს. გუნდის მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით თურქეთში  27 ფეხბურთელი გაემგზავრა, მათ შორის 10 ახალწვეულია. გუნდმა ჩასვლისთანავე ერთი მსუბუქი ვარჯიში ჩაატარა. დღეს კი დინამოელები ახალი სეზონისთვის მზადებას სრული დატვირთვით შეუდგნენ. „დინამო“ ბათუმი ამხანაგურ მატჩს 9 თებერვალ საფეხბურთო კლუბ „ლვოვთან“ გამართვას. თებერვლის ბოლომდე  კიდევ 4 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში