4 იანვარს, ჭავჭავაძის ქუჩაზე ძლიერი ქარის დროს მაღალსართულიან კორპუსზე დაზიანებული სახურავი ამ დრომდე არ შეუკეთებიათ. ადგილობრივების ინფორმაციით, რამდენიმე საცხოვრებელი დაიტბორა, დაზიანდა საოჯახო ტექნიკა. დაზარალებულები კორპუსის გადახურვას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. ბათუმის მერიაში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ, პირად საუბარში კი განმარტავენ რომ აღნიშნულ კორპუსში დამატებით სართული ადგილობრივებმა დააშენეს და პასუხიმგებლობას მათ ეკისრებათ.
კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი სულხან ევგენიძე პირად საუბარში განმარტავს, რომ დაგეგმილია კომისიის შეკრება, რის შემდეგაც გადაწყდება რა სახის სამუშაოებია ჩასატარებელი. ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრებლები კი ირწმუნებიან, რომ მათ დამატებით სართულის ასაშენებლად სამი წლის წინ თანხა შპს „სტარ ბილდინგს“ გადაუხადეს, კომპანიამ სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა და ქარმა შენობას სახურავი არაერთხელ გადახადა. კომპანიაში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.