საავადმყოფოები, სახელმწიფო უწყებები - ნახეთ ადგილები, სადაც მოწევის ფაქტები დახურულ სივრცეში დაფიქსირდა

18 დეკემბერი 2018, 00:00 2393 ნახვა

ზამთარში, დახურულ სივრცეებში სიგარეტის მოწევის ფაქტები გახშირდა, რაც 2018 წლის 1 მაისიდან უკანონო ქმედებად ითვლება. მაკონტროლებლები თბილისსა და რეგიონებში რეიდებს სისტემატურად ატარებენ, გასართობ და კვების ობიექტებს ღამის საათებში, მოულოდნელად ამოწმებენ. 

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, ბოლო ოთხ დღეში რამდენიმე რესტორანი, ლაუნჯ ბარი და ღამის კლუბი დაჯარიმდა, მათ შორის, ამ ორგანიზაციას არც ერთი ფაქტი არ დაუფიქსირებია ბათუმსა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში. 

ყველაზე მეტი დაღვევა კი დედაქალაქში ფიქსირდება. შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი კაფე-ბარის და რესტორნის ადმინისტრაცია მწეველ სტუმრებს მაგიდაზე საფერფლესაც კი ახვედრებს. 

დაფიქსირდა როგორც ჩილიმის, ასევე სიგარეტის მოწევის შემთხვევები. 

თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულება 2018 წლის პირველი მაისიდან დაიწყო. მოწევა იკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ ადგილებში. იგი დასაშვებია შენობაში, ან ვერანდაზე, რომელიც შესაძლოა გადახურულია, მაგრამ კედლების 50%-ზე მეტი ღია აქვს.

რესტორნები, რომლებსაც ღია ვერანდები აქვს, ზამთარში ადმინისტრაცია სივრცეს ცელოფნის ჟალუზებით ან მექანიკური მინებით ნაწილობრივ კეტავს და გარე გამათბობლებს ამონტაჟებს. მონიტორინგის სამსახური წარმომადგენლების ინფორმაციით, ზოგიერთ მათგანში მაინც ღია სივრცის პრინციპით მოქმედებენ და სტუმრები სიგარეტსა და ჩილიმს ეწევიან.

მონიტორინგი მიმდინარეობს საჯარო დაწესებულებებში და საავადმყოფოებშიც, სადაც ზოგიერთი საჯარო მოხელე და ექიმი დახურულ სივრცეში ეწეოდა. 

დახურულ სივრცეში თამბაქოს კონტროლის კანონის დარღვევის გამო, დაწესებულება პირველ ჯერზე 500 ლარით, ყოველ განმეორებით შემთხვევაზე კი, 1000 ლარით ჯარიმდება.

ამავე კატეგორიაში