საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის” სამიტის მაღალი ტრიბუნიდან საქართველოში უშიშროების საბჭოს გაუქმებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ''წლის ბოლომდე ქვეყანას ეყოლება ახალი პრეზიდენტო, ექნება ახალი კონსტიტუცია, მაგრამ აღარ ეყოლება უშიშროების საბჭო, სადაც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდნე''.
უშიშროების საბჭოს გარეშე ქვეყნის დატოვება არც ერთი დღით არ შეიძლება, - ამბობს გიორგი მარგველაშვილი და შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„საქართველოს ახალი კონსტიტუციით, რომელიც სულ მალე, ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის მომენტიდან შევა ძალაში, წყვეტს ფუნქციონირებას უმნიშვნელოვანესი სტრუქტურა - უშიშროების საბჭო, რომელიც იყო წლების განმავლობაში ფორმატი და ფორუმი იმისთვის, რომ ქვეყანაში მიღებული ყოფილიყო პოლიტიკურად გაერთიანებული გადაწყვეტილებები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან მიმართებაში. ასეთი სტრუქტურის არარსებობა ჩვენს სახელმწიფო სისტემაში არის ის სირთულე, რომელიც აღიარებული არის ჩვენი პარტნიორების მიერ. მეტიც, პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელმაც კონსტიტუციაში შეწყვიტა ამ სტრუქტურის არსებობა თქვა, რომ ამ სტრუქტურის შემცვლელი სტრუქტურა იქნებოდა შემუშავებული და შექმნილი; ქვეყანას არ ექნებოდა პერიოდი, როდესაც არ იქნებოდა ის ფორმატი, რასაც უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე თავდაცვისუნარიანობასთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილებების ადგილი ჰქვია. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა'' - თქვა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.
გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, აუცილებელია სტრუქტურა, სადაც უმაღლესი თანამდებობის პირები პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.