ბათუმში ბოლო წლებში აშენებული სახლების დიდი ნაწილი ექსპლუატაციაში მიღებული არ არის. მოქალაქეები კი ცხოვრობენ კორპუსებში, რომელიც მერიას არ ჩაუბარებია.
მაგალითად გორგილაძის 28 ნომერში, უკვე წელზე მეტია ყველა სართულზე ცხოვრობენ, თუმცა ბინის მეპატრონე სახლზე ორი სართულის დაშენების იმედით ბინას მერიას არ აბარებს. კომპანიამ ე.წ. ზონალურ საბჭოზე ორჯერ მოითხოვა დაშენების უფლება და ორივეჯერ უარი უთხრეს.
კორპუსების ნაწილში კი მოქალაქეები მშენებლობის დასრულებისთანავე ან დასრულებამდე სარემონტო სამუშაოებს იწყებენ. არ ელოდებიან სახლის ჩაბარებას, არც ეზოს კეთილმოწყობას. მაგალითად უმისამართო 2 საცხოვრებელი სახლი, რომელიც რეგისტრირებულია როგორც ბესიკისა და 26 მაისის ქუჩების მიმდებარე ტერიტორია, ჩაბარებული ამ დრომდე არ არის, თუმცა მოქალაქეები წლებია ცხოვრობენ.
მთავარია კორპუსში არის შუქი, გაზი, ელექტროენერგია და მუშაობს ლიფტი - კანონმდებლობით ვიდრე მერია პროექტისა და შესრულებული სამუშაოების მონიტორინგს განახორციელებს და ობიექტს ჩაიბარებს, არ იზღუდება კომუნალური თუ საკომუნიკაციო ქსელების რეგისტრაცია.
აქედან გამომდინარე მერიისთვის სახლის ჩაბარებას მშენებლები არ ჩქარობენ. ისინი ხშირად გადავადების გამო ჯარიმასაც იხდიან და სხვადსხვა მიზეზით პროცესს დროში აჭიანურებენ.
კანონი ჩაუბარებელ სახლში გადასვლას არც მობინადრეებს უკრძალავს. რა საფრთხეებს შეიცავს კანონში არსებული კაზუსი, რომელიც მოქალაქეების უსაფრთხოებაზე გადის?
ჩაუბარებელ სახლში შემოწმებული არ არის - არის თუ არა ლიფტი უსაფრთხო. ეს სფერო უკონტროლოა მოქალაქეების დაშავების ფაქტებიც დაფიქსირდა. შემთხვევა რამდენიმე თვის წინ, ჯავახიშვილის ქუჩაზე მოხდა, ლიფტი ჩავარდა და ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
სახანძრო უსაფრთხოება - ჩაუბარებელ სახლში უცნობია არის თუ არა დაცული უსაფრთხოების ნომრები. გუშინ, ბაგრატიონის 102 ნომერში, ჩაუბარებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ააღმოჩნდა, რომ სახანძრო მილები კორპუსში დამონტაჟებული იყო, თუმცა სისტემაზე დაერთებული ჯერ არ ჰქონდათ. ამის გამო მეხანძრეებს ხანძრის ჩასაქრობად მეტი ძალისხმევა და დრო დასჭირდათ. დრო კი, შესაძლოა, სხვა შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორი იყოს.
კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზზე ბათუმის მერმა გუშინ ღიად ისაუბრა, რომელიც ხანძრის ადგილზე მივიდა: ''სამწუხაროა, რომ მშენებლობის დასრულებამდე და სახლი ჩაბარებამდე შედის მოსახლეობა ბინაში და ცხოვრებას იწყებს. ეს შეიძლება ჩაითვალოს საკანონმდებლო ხარვეზად, რომელიც არ კრძალავს ექსპლუატაციაში შესვლამდე სახლში გადასვლას. აუცილებლად მივმართავთ შესაბამის ორგანოს ინიციატივით, რომ ეს ხარვეზი გასწორდეს. პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ მსგავს გადაწყვეტილებებს სავალალო შედეგები შეიძლება მოყვეს'', - განაცხადა მერმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან.