სასტუმროში ბევრი სტუმარია და ორ დღეში მათი გამოყვანა რთული იქნება - ​''ველმონდის'' იურისტი 

16 აგვისტო 2018, 00:00 1667 ნახვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო “ველმონდის” (ყოფილი “ლეოგრანდის”) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს, 18:00 საათამდე აძლევს ვადას, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და შეწყვიტოს საქმიანობა. 

სასტუმროს მენეჯმენტი კი სააგენტოს თხოვნით მიმართავს, სასტუმროს დაცლა გადავადდეს და დროებით მუშაობის გაგრძელების უფლება მიეცეთ.

ველმონდის“ იურისტი კახა წერეთელი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივს სცემენ და აუცილებლად აღასრულებენ, თუმცა სეზონის პიკზე, სასტუმროში ძალიან ბევრი სტუმარია და 2 დღეში მათი გამოყვანა რთული იქნება. 

''სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, პირველ რიგში არსებული პროცედურის მიხედვით, ვაპირებთ საგანგებო სიტუაციების სამსახურს დროებითი ექსპლუატაციის ნებართვის გაგრძელებაზე მივმართოდ, რათა ყველა ეს მითითება იყოს შესრულებული. იმედი გვაქვს, ეს საკითხი დადებითად გადაწყდება. აგვისტოს შუა რიცხვებია, როცა სასტუმროში სტუმრების რაოდენობა დიდია, ამ მხრივ ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა, თუმცა სასტუმროს ადმინისტრაცია სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივს სცემს. გამოსავალი უნდა არსებობდეს, სეზონის პიკზე 17 აგვისტოს, არ დაიხუროს სასტუმრო, სადაც 500 ადამიანი მუშაობს'' - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან კახა წერეთელმა. 

იურისტის თქმით, რეკომენდაციების შესასრულებლად მენეჯმენტი აქტიურად მუშაობს.

''მოთხოვნების ნაწილი შესრულებულია, ნაწილი დროს ითხოვს. ეს პროცესი მიმდინარეობს და გაგრძელდება, მიუხედავად იმისა სასტუმრო დროებით შეაჩერებს თუ არა ფუნქციონირებას.''

სასტუმროში ამ დრომდე რჩებიან ტურისტები. 

ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ლეოგრანდში“ 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოთხთვიანი გამოძიების შედეგად, სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით,  23 მარტს 2 მენეჯერი, თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეები, დააკავეს. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი