ათენის სიახლოვეს, ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით 50-მდე ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია ათობით მოქალაქე, მათ შორის 16 მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
სტიქიამ უკვე გაანადგურა ასობით საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი. ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზნით ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა. ამასთან, მთავრობამ სანაპირო ზოლში მცხოვრები მოსახლეობისთვის ტერიტორიის დატოვების რეკომენდაცია გასცა. სტიქიის ზონაში შეწყვეტილია საავტომობილო მიმოსვლა.
ტყის ხანძარი საბერძნეთში 23 ივლისს გაჩნდა.
საბერძნეთში ბოლო რამდენიმე დღეა ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს. ცეცხლის გავრცელებას სწორედ მშრალმა ამინდმა და ქარმა შეუწყო ხელი.
საბერძნეთის ხელისუფლებამ საერთაშორისო საზოგადოებას უკვე მიმართა და დახმარება სთხოვა.