ერთ-ერთი აუცილებელი რეკომენდაციაა, რომ მდინარე ნენსკრას აუზში შეიქმნას ბუნებრივ საფრთხეებზე დაკვირვების მონიტორინგული ქსელი - წერია ანგარიშში, რომელიც გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ჭუბერის თემში, მდინარე ნენსკრას აუზში, სტიქიური პროცესების გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით მომზადდა. მათივე ინფორმაციით, დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა მდინარე ნენსკრას ხეობაში უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლას, ასევე მაღალი ატმოსფერული ტემპერატურების ფონზე ნარჩენი თოვლისა და მყინვართა დნობის აქტიურ პროცესს.
მდინარე ოკრილას დინების ქვედა წელიდან მდინარე ნენსკრას შესართავამდე ადგილი ჰქონდა ღვარცოფული ნაკადებით მყარი ნატანის და მოგლეჯილი ხე-მცენარეების შედეგად ცალკეულ უბნებზე წყლის ნაკადების მოკლევადიან შეგუბებებს, რომელთა მოცულობების ზრდამ და მათი გარღვევის შემდეგ გაზრდილი ენერგიის ხარჯმა მდინარე ნენსკრას დინების ქვემო წელში, განსაკუთრებით დასახლებულ ტერიტორიებზე, ნაპირგარეცხვითი პროცესების ინტენსივობის მკვეთრი ზრდა და დატბორვა გამოიწვია. მდინარე ნენსკრას აუზში ანალოგიური სტიქიური მოვლენებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შერბილების მიზნით, გაიცა შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები.