ხვალიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება და 16 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ბათუმის რესურსცენტრის უფროსის ინფორმაციით, რეგისტრაცია უშუალოდ სკოლებში განხორციელდება. მოსწავლის ჩასარიცხად მშობელმა საგანმანათლებლო დაწესებულებაში აუცილებელი დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს. გოჩა დავითაძის თქმით, ამ დროისთვის ბათუმის საჯარო სკოლებში მხოლოდ 147 ვაკანტური ადგილია დარჩენილი.
ადგილები სრულად შევსებულია 1-ელ, მე-2 და მე-3 სკოლებში. პირველ და მეორე ეტაპზე 2 ათას 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა. რაც შეეხება აჭარის მუნიციპალიტეტებს, აქ დაახლოებით 1500 ადგილია თავისუფალი. 2018-2019 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი. ახალი სასწავლო წელი 17 სექტემბერს დაიწყება.