პრემიერი მზად არის, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების გარეშე, მოკლული მოზარდების მშობლებს შეხვდეს

04 ივნისი 2018, 00:00 1634 ნახვა

''საქართველოს პრემიერ-მინისტრი მზად არის, მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მონაწილეობის გარეშე, ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს პირადად შეხვდეს, მათი სურვილის შემთხვევაში - სახალხო დამცველთან ერთადაც'' - ამის შესახებ ინფორმაციას გიორგი კვირიკაშვილის პრესსამსახური ავრცელებს. 

მათი თქმით, აუცილებელია არსებული ინსტიტუციური ფორმატების მაქსიმალურად გამოყენება.  

''პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირველსავე დღეს მივიდა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, რის შემდეგაც განაცხადა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც ხელისუფლება საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხის გასაცემად გადადგამდა. ამასთან, 1 ივნისს, მთავრობის მეთაური, შინაგან საქმეთა მინისტრსა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად, შეხვდა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, რომლისგანაც მოისმინა დამატებითი ინფორმაცია ორი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე არსებულ კითხვებთან დაკავშირებით. გუშინ კი, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერმა დეტალურად ისაუბრა ხელისუფლების მიერ დაწყებული პროცესის შესახებ'' - ნათქვამია განცხადებაში. 

გუშინ, რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე ზაზა სალარიძემ განაცხადა, რომ 4 ივნისს, 14 საათზე გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას გეგმავდა.  

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ  აქციაზევე განმარტა, რომ პრემიერ მინისტრთან აუდიენცია შეთანხმებული არ იყო. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი