გორგაძემ სუმოს ცოცხალი ლეგენდა დაამარცხა - 12/12

24 მაისი 2018, 00:00 2962 ნახვა

დღეს, 24 მაისს, ქართული სუმოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული დღეა. ქართველმა სუმოტორიმ ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, ნაცუ ბაშოს XII სატურნირო დღეს ლეგენდარული იოკოძუნა, მონღოლი ჰაკუჰო დაამარცხა და რიგით მეთორმეტე გამარჯვება მოიპოვა.

სუმოისტებმა თავიდანვე შეძლეს ერთმანეთის მავაშიში ხელის ჩავლება, შემდეგ პოზიციური ბრძოლა გაიმართა, რაც გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ქართველმა მეტოქე მაინც დაჯაბნა და დოჰიოდან იორიკირის ილეთით გადაიყვანა.

აღსანიშნავია, რომ ლევან გორგაძე მიმდინარე ბაშოზე კვლავ ერთადერთი სუმოტორია, ვინც ყველა შეხვედრა მოიგო. 

ტოჩინოშინისა და ჰაკუჰოს ურთიერთშეხვედრების ბალანსი 0:25 -ზე იყო. მონღოლს კარიერის განმავლობაში 40-ჯერ აქვს ბაშო მოგებული. 

ლევანმა ამ გამარჯვებით იმპერატორის თასის მოსაპოვებლად და რანგის ასამაღლებლად უდიდესი ნაბიჯი გადადგა. დიდი ალბათობით ქართველი იმპერატორი მომავალ ბაშოს უკვე ოძეკის სტატუსით დაიწყებს. 
ხვალ, ტოჩინოშინის მეტოქე იაპონელი შოდაი იქნება, რომელთანაც დადებითი ბალანსი 5:3 აქვს.

ლევან დევაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში