9 შეჯიბრება მარცხის გარეშე 

21 მაისი 2018, 00:00 2539 ნახვა

დღეს, ტოკიოში მიმდინარე ნაცუ ბაშოზე, მეცხრე სატურნირო დღის შეხვედრები გაიმართა. წაუგებელ სერიას აგრძელებს ქართველი სეკივაკე ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, რომელმაც მეცხრე გამარჯვება მესამე მაეგაშირა დაიეიშოს დამარცხებით მოიპოვა. გორგაძემ მოწინააღმდეგის მავაშში ხელის ჩავლება თავიდანვე შეძლო, რის შემდეგაც იაპონელი იორიკირის ილეთით მარტივად გადაიყვანა დოჰიოდან. 

ამ გამარჯვებით ქართველი სუმოტორი მიმდინარე ბაშოზე ერთპიროვნულ ლიდერობას განაგრძობს. მას ერთი წაგებით ჩამორჩებიან იოკოძუნები: ლეგენდარული ჰაკუჰო და კაკურიუ

ხვალ, ტოჩინოშინის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა ჩიოტარიუ იქნება, რომელთანაც ურთიერთშეხვედრების ბალანსი 3:2-ზე აქვს. 

ქართველი, იმპერატორის თასთან ერთად ოძეკობაზეც იბრძვის. კიდევ ერთი მოგების შემთხვევაში ის, სავარაუდოდ, რანგით დაწინაურდება.

ლევან დევაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში